დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: ცოტნე გამსახურდიას

საქმის გამოძიება საეჭვოდ დუმს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ეხმაურება, ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმის საქმის გამოძიებას. როგორც გამსახურდიას ოჯახის გულშემატკივარი, ჩვენც ვცდილობდით, რომ გამოძიების პირველ დღეებში კატეგორიული ვერსიები არ გამოგვეთქვა და არ წარმოგვეშვა რაიმე ტიპის სპეკულაციები, მანამდე ვიდრე გამოძიება კონკრეტულ შედეგს დადებდა.

დღესაც თავს ვიკავებთ მტკიცებით ფორმაში რომელიმე ვერსიის დადასტურების ან უარყოფისაგან, თუმცა კითხვებსა და ეჭვებს ბადებს გარკვეული გარემოებები:

  1. ავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სამთავრობო მედიამ და მათთან კავშირში მყოფმა ტროლების ფაბრიკამ, დაიწყეს ვერსიის დამუშავება, რომ ცოტნე გამსახურდიამ თავად აუტეხა ჩხუბი თავის მეზობლებს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელებმა, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაჭარბებით, მიაყენეს მას გარკვეული დაზიანებები. ეს ვერსია, წინ უსწრებდა ბრალდებულთა დაკავებასაც კი.

 

  1. ამავე ვერსიის გასამართლლებლად მოქმედებს გამოძიებაც: მათ გამოაქვეყნეს და სამთავრობო ტელევიზიებს მიაწოდეს მხოლოდ ბრალდებულთა ჩვენებები, რამაც შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს სოციალურ ქსელში სამთავრობო ტროლების მიერ გავრცელებული მოსაზრებები, გარკვეულწილად, დასაბუთებული იყო. მას შემდეგ რაც საქმის მასალების გაცნობის საშუალება მიეცა ოჯახის ადვოკატს, ამირან გიგუაშვილს, აშკარა გახდა, რომ გამოძიების მიერ, პრესისათვის ლეგალურად თუ არალეგალურად მიწოდებული მასალები არ იყო სრულყოფილი და არ ასახავდა რეალურ სურათს.

 

  1. ინფორმაციაში, რომელიც გაავრცელა ოჯახის ადვოკატმა, მითითებული არის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ცოტნე გამსახურდია სუფრის სხვა წევრებისგან განსხვავებით ნაკლებად მოიხმარდა ალკოჰოლს, ხოლო კონფლიქტი დაიწყო არა სუფრაზე, არამედ კოლხური კოშკის შესასვლელთად, სადაც გამსახურდიას რამდენიმე პირმა ჩასაფრება მოუწყო. შესაბამისად სურათი, რომელსაც ხატავენ ბრალდებულები, სამთავრობო მედია და ტროლების ფაბრიკა, თითქოს „მთვრალმა“ ცოტნემ განგებ ატეხა ჩხუბი - რეალობისაგან შორსაა.

 

  1. ასეთი ჭრილობები შეუძლებელია მიყენებული იყოს იმ ვითარებაში, რასაც დაჟინებით ამტკიცებს სამთავრობო მედია: ყავარჯნით, ხელში მოხვედრილი ნატეხით ან თუნდაც ჩვეულებრივი დანით, ამ ტიპის დაზიანებების მიყენება (განსაკუთრებით თავის ქალაზე) - შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთი ადამიანი მოახდენდა თავის ფიქსაციას, ხოლო მეორე - მძიმე, ბასრი იარაღით მიყენებდა ჭრილობებს. ეს გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან ძლიერი სულიერი აღელვების დროს „მოქნეული დანის“ ვერსიას.

 

  1. დღემდე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ხელისუფლების არცერთ ისტანციას დანაშაულის ჩადენის შესაძლო მოტივთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიებას, რომლის მთავარი ინიციატორი ცოტნე გამსახურდია იყო.

 

  1. ცოტნეს მეგობრები საუბრობენ, რომ ის თავად ელოდა თავდასხმას სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზით.  მეორეს მხრივ, ცნობილია 2018 წლის დეკემბერში ყოფილი გენერალური პროკურორის და ამჟამად უზენაესი სასამართლოს წევრის, შალვა თადუმაძის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება, რომ მისი პირადი კონტროლის ქვეშ პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიება უმოკლეს ვადებში დასრულდებოდა. გავიდა ზუსტად 1 წელი - გამოძიება კი კვლავ დუმს.

თუ საზოგადოება გამოძიებისგან არ მოსიმენს დამაჯერებელ განმარტებებს, რეალურად უნდა იქნას განხილული ვერსია, რომ ცოტნე გამსახურდიაზე განხორციელებული თავდასხმა, შესაძლოა მართლაც უკავშირდებოდეს, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის „ჩაფარცხვას“.

იმ ფონზე როდესაც ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემას პრაქტიკულად ნულოვანი ნდობა გააჩნია, ყველა ჩამოთვლილი გარემოება სკეპტიკურად განგვაწყობს გამოძიების მიმდინარეობის მიმართ.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ საქმის მასალების გასაჯაროებულ ნაწილს უახლოეს დღეებში გადასცემს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მოითხოვს საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, დაწესდეს საერთაშორისო მონიტორინგი ცოტნე გამსახურდიაზე განხორციელებული თავდასხმის საქმის მიმდინარეობაზე.