დაფინანსება

საარჩევნო

პროგრამა

  1. ორპარტიული სისტემის რეფორმა:

ამომრჩევლის მხარდაჭერის შემთხვევაში დავარღვევთ ორპოლუსიან პოლიტიკას და სხვა ზომიერ პარტიებთან ერთად შევქმნით ახალ კოალიციას;

ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციის შემდეგ, შევცვლით საარჩევნო კოდექსს და ჩავატარებთ ვადამდელ არჩევნებს რომლის ლეგიტიმურობას ეჭვს აღარავინ დააყენებს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ;

  1. ბრძოლა კორუფციასთან:

ჩატარდება საჯარო სამსახურის დეპოლიტიზაცია (კობახიძის კლანის და პორტირებული ნაცებისგან), სასამართლოს გავათავისუფლებთ მურუსიძის კლანისგან, ანალოგიური საკადრო წმენდა ჩატარდება ძალოვან სტრუქტურებში;

თანამდებობის პირებმა უნდა დაასაბუთონ საკუთარი შემოსავლის წყარო, ყველაფერი რაც ვერ იქნება დასაბუთებული ჩამორთმეული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

  1. სამართლიანობის აღდგენა:

წულუკიანის მასკარადის ნაცვლად ჩატარდება წინა და დღევანდელი მთავრობის დანაშაულობის რეალური გამოძიება, დაზარალებულები მიიღებენ სათანადო კომპენსაციას;

სახელმწიფომ გამოიძიებს 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალებას და მისი თანმდევ სისხლიან რეპრესიებს, მ.შ. პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობას.

  1. მრავალმხრივი დიპლომატია:

დავიწყებთ აქტიური დიპლომატიურ პროცესს, როგორც დასავლეთთან ასევე რუსეთთან, ისე რომ არ შეილახოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაცია.

  1. საგადასახდო ტვირთის შემცირება:

გაფართოვდება საგადასახადო  შეღავათები: დაწესდება საშემოსავლო გადასახადის დაუბეგრავი მინიმუმი და შემცირდება დღგ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე.

გადასახადების დეკლარირება მოხდება კვარტალურად, შემცირდება საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადა.

  1. ექსპორტის მხარდაჭერა:

გლეხი/ ფერმერი სოფლის პროდუქტებს გაყიდის მსოფლიო საბაზრო ფასებში: თხილი - 11 ლარი, თაფლი - 85 ლარი, მანდარინი - 4 ლარი და სხვ.

დაწესდება საბაჟო და ანტიდემპინგური შეზღუდვები იმპორტზე.

აიკრძალება საძოვრების პრივატიზება, საძოვრები გადაეცემა თვითმმართველობის უვადო და უპირობო სარგებლობაში.

ყველა სოფელი უზრუნველყოფილი იქნება მუდმივი წყალმომარაგებით, ბუნებრივი აირით და ინტერნეტით.

  1. მონოპოლიების დაშლა:

საწვავი გაიაფდება არანაკლებ 70 თეთრით (ამ ფასად ყიდულობენ საწვავს სახელმწიფო უწყებები), მედიკამენტები გაიყიდება იგივე ფასებში როგორც თურქეთში (-50%).

ანალოგიურად, თავისუფალი კონკურენციის პირობებში შემცირდება ფასები სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე.

სახელმწიფო განსაკუთრებულ კონტროლს დააწესებს სურსათში სხვადასხვა ქიმიური დანამატების გამოყენებაზე.

  1. რეგიონების განვითარება:

თბილისში და ბათუმში შეიზღუდება ახალი კორპუსების მშენებლობა, თავისუფალი სივრცეები გამოყენებული იქნება პარკინგის, გზებისა და მწვანე ზონების განვითარებისათვის.

თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან კაზინოები და სხვა სათამაშო დაწესებულებები გატანილი იქნება ნაკლებად დასახლებულ ტურისტულ ცენტრებში (მაგ: გუდაურში).

  1. სამართლიანი პენსია:

მინიმალური პენსია გახდება პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების  10% (825 ლარი), ნაცვლად დღეს არსებული 5%-სა.

ანალოგიური პრინციპით უნდა განისაზღვრო საჯარო მოსამსახურეების ხელფასებიც. გაუქმდება აბსოლუტურად ყველა სიპი და სახელმწიფო აიპ, გაუქმდება „ღამის შოუს“ და სხვა კარის მომღერლების შენახვის ხარჯები და გამოთავისუფლებული ხარჯები მიემართება ამ და სხვა პროგრამების შესრულებისაკენ.

  1. საბანკო რეფორმა:

აიკრძალება ადამიანების გამოსახლება საცხოვრებელი ფართიდან, საბანკო პროცენტები შემცირდება 3-დან 6%-მდე.

ამ განაკვეთის ზევით დარიცხული პროცენტები, ჯარიმები, პროცენტის პროცენტი (ე.წ.რეფინანსირებული თანხები) ამნისტირებული იქნება სპეციალური კანონით.

  1. დემოგრაფიული პროგრამა:

3-შვილიან ოჯახს დაუწესდება შეღავათები ჯანდაცვაზე და განათლებაზე, 4-შვილიან ოჯახს დაუწესდება ფულადი შემწეობა, ხუთ და მეტ შვილიან ოჯახებს სახელმწიფო უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართით.

სკოლის მოსწავლეებისთვის ბიუჯეტი დააფინანსებს უფასო კვებას.

იმავდროულად შეჩერდებაა სხვადასხვა ქვეყნებიდან ათი ათასობით მიგრანტის მიღება და მათზე ბინადრობის მოწმობების და სამუშაო ვიზების გაცემა.

  1. ამნისტია:

გამოცხადდება ადმინისტრაციული ჯარიმების (საპატრულო, პარკინგის, უნებართვო მშენებლობის და ა.შ.) საყოველთაო ამნისტია, ჯარიმების ოდენობა შესაბამისობაში მოვა საშუალო ხელფასის ოდენობასთან.

 

შემოწირულობების გადარიცხვა შესაძლებელია თავისუფალი საქართველოს ანგარიშზე: GE63TB7029536080100007. დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ შემოწირულობა.