კახა კუკავა (დ. 12 ივლისი, 1976, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი (2004–2008) და თბილისის საკრებულოს წევრი (2010–2014).
დაიბადა 1976 წლის 12 ივლისს თბილისში. 1993 წელს დაამთავრა 171-ე საშუალო სკოლა, 1998 წელს – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1997-1999 მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოში კონსულტანტად, შემდგომში – სექტორის უფროსად. 1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. 2001 წლიდან სახელმწიფო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ დაკავებული იყო კერძო საადვოკატო პრაქტიკით.
2004 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად საარჩევნო ბლოკ „ნაციონალური მოძრაობის“ სიით, კონსერვატიული პარტიის ქვოტით. პრაქტიკულად არჩევისთანავე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა. 2007 წლის შემოდგომაზე არჩეულ იქნა ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის” თავმჯდომარედ.
პარლამენტში კუკავა იყო რამდენიმე გახმაურებული საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, მ.შ. "საქართველოს დსთ-დან გასვლის შესახებ', "ლუსტრაციის შესახებ" და "1992-93 წლებში რეპრესირებული პირველი პრეზიდენტის მომხრეების რეაბილიტაციის შესახებ". ეს უკანასკნელი ინიციატივა პარლამენტმა დაამტკიცა.
გამოდიოდა პრეზიდენტ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრ მერაბიშვილის და გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მწვავე კრიტიკით. 2007-2009 წლებში იყო "გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი და სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში საარჩევნო ბლოკ ეროვნული საბჭოს სიით არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს წევრად.
2010 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა კონსერვატიული მიმართულების პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო”. 2011 წელს პარტიის პირველ ყრილობაზე არჩეულ იქნა პარტიის თავმჯდომარედ.
ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.