დაფინანსება

კახა კუკავა ხელისუფლებას ანტიკორუფციული

ბიუროს რეფორმის პროექტით მიმართავს

დღეს ბრიფინგი გამართა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ - კახა კუკავამ, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად ოპოზიციის წარმომადგენელი დანიშნოს:

"ბოლო დღეებში მოწმე გავხდით რომ თავად ხელისუფლების მიერ დადასტურებული მტკიცებულებებითაც კი უმაღლესი სახელმწიფო ჩინოვნიკები მილიონობით დოლარის კორუფციაში არიან ჩართული, სიახლე იყო მხოლოდ ის, რომ ეს ხელისუფლებამ აღიარა. საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა, პორველ რიგში კი მეწარმეებმა, კარგად იციან რომ ყველა ტენდერი, პრივატიზაცია და ლიცენზია საქართველოში მხოლოდ ქრთამის საფუძველზე გაიცემა და წლიურად კორუფციის მაშტაბი საქართველოში მილიარდ დოლარს აღემატება. სრულიად უპერსპექტივოა კორუფციასთან ბრძოლა მაშინ როდესაც კორუფციის ჭაობში ჩაფლული არიან მმართველი პარტიის ლიდერები - პრემიერ-მინისტრი, ძალოვანი მინისტრები და რაც ყველაზე კომიკურია ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელები, ამიტომაც მივმართავთ ხელოსუფლებას, თუ მართლაც გსურთ კორუფციასთან ბრძოლა და არა უბრალოდ ღარიბაშვილთან ან ლილუაშვილთან პოლიტიკური ანგარიშსწორება:

1. , დანიშნეთ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი;
2. ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭოს საპროკურორო, საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო უფლებამოსილებები; 

ზ/ა მოდელი აპრობირებული პრაქტიკაა ცივილიზებულ ქვეყნებში, როდესაც გამოძიებას ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ატარებს დამოუკიდებელი ორგანო, რადგანაც ხელისუფლებას სურვილის შემთხვევაში ისედაც მრავლად გააჩნია შესაბამისი ბერკეტები: შსს, უშიშროების სამსახური და პროკურატურა. 

თუ მოხდა სასწაული და ხელისუფლება დათანხმდა ამ ინიციატივას, მზად ვარ წარვადგინო ამ პოსტზე ჩემი კანდიდატურაც და გარანტიას ვიძლევი, რომ ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში დავაბრუნებ არანაკლებ 1 მილიარდ ლარს. ხოლო დაპატიმრებულთა შორის იქნებიან არა მხოლოდ ყოფილი, არამედ მოქმედი ჩინოვნიკებიც.  თუმცა რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ კორუმპირებული ხელისუფლება თავის მოსაკლავ დანას საკუთარი ხელით არ გადმოგვცემს, რაც იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ღარიბაშვილს ასამართლებენ არა ქრთამის აღებისთვის, არამედ იმისთვის, რომ აღებული ქრთამიდან დადგენილი პროცენტი შავ სალაროში არ გადაიხადა და ეს იქნება პირდაპირი მტკიცებულება იმისა რომ საქართველოში ელიტური კორუფცია ყვავის ისე როგორც არასდროს".