გუშინ საზოგადოებრივ არხზე გამართულ დებატებში თბილისის მერობის კანდიდატმა - კახა კუკავამ განაცხადა რომ, ხაზარაძის ბანკი - TBC საკუთარი პარტიის მაჟორიტარს ზუგდიდში - ნათია მებონიას, საცხოვრებელ სახლს იძულებით აუქციონზე უყიდის.
ხაზარაძის კანდიდატმა თბილისის მერიის არჩევნებში - ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არარეალურია, ანეგდოტია და სინამდვილეს არ შეესაბამება.
დამატებითი დეტალები საქმეზე დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოაქვეყნა კახა კუკავამ:
“სამწუხაროდ ეს ანეგდოტი არ არის და აბსოლუტურად რეალური ისტორიაა, ათასობით სხვა იმ ადამიანის ისტორიასთან ერთად რომელიც “თიბისიმ” საკუთარი სახლებიდან გამოასახლა. ამ შემთხვევამ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება უბრალოდ იმიტომ რომ მიიპყრო, რომ გამოსასახლებელი პირი ანუ მოვალე - პარტია “ლელოს” მაჟორიტარი კანდიდატია - ზუგდიდის საკრებულოს არჩევნებში (32-ე მაჟორიტარულ ოლქში) - ნათია მებონია, ონკოლოგიური პაციენტი. ხაზარაძის ბანკმა მისი ბინის აუქციონზე გაყიდვა 7000 დოლარიანი დავალიანების გამო მოითხოვა. ნათია არაერთხელ შეეცადა შეხვედრას საკუთარი პარტიის ლიდერებთან - ხაზარაძესთან და ჯაფარიძესთან, თუმცა უშედეგოდ. როდესაც მან საკუთარი ლიდერების იმედი დაკარგა, მოგვმართა ჩვენ, როგორც იურისტებს, და ჩვენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით 3 თვით შევაჩერეთ აღსრულების პროცესი. თუმცა 3 თვის შემდეგ გამოსახლება ისევ განახლდება. მე არა მაქვს არც ხაზარაძის და არც ჯაფარიძის იმედი, რომ ისინი გამოიჩენენ პასუხისმგებლობას და აღსრულებას შეაჩერებენ, უბრალოდ სამართლიანობისთვის მინდა აღვნიშნო რომ გადაცემის შემდეგ ჩემთან მოვიდა ირაკლი კუპრაძე და შეწუხებულმა მკითხა შეეფერებოდა თუ არა სინამდვილეს ეს ისტორია. მომეჩვენა რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი თვითონაც შეწუხებულია რომ იძულებულია გაამართლოს საკუთარი ლიდერების ქმედებები, რომელთაც გამართლება არა აქვს. მივმართავ ირაკლი კუპრაძეს: აიძულე საკუთარი პარტიის ლიდერები შეაჩერონ აუქციონი! არჩევნებამდე იძინე იძულებული იქნებიან გაგიწიონ ანგარიში.
რაც შეეხება სკეპტიკოსებს, რომელთაც ეჭვი გამოთქვეს, შეეფერება თუ არა ეს ისტორია რეალობას და ლელოს ტროლებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში წუხელ მთელი ღამე აკომენტარებდნენ ერთ სიტყვას: “დაუჯერებელია” - ვაქვეყნებთ ნათია მებონიას საქმეზე ყველა ძირითად დოკუმენტს, მათ შორის მონაცემებს ცესკოს ვებ-გვერდიდან, აღსრულების ეროვნული ბიუროდან და ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან.”