დაფინანსება

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადება

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდასაჭერად

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს მხარდაჭერას ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მიმართ და გმობს ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას.

მედიის თავისუფლება არის დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტი. ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ადმინისტრაციული, ფინანსური თუ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით ჩაახშოს კრიტიკული ხმა, შეასუსტოს რეგიონული მედია და მიზანმიმართულად მიიყვანოს იგი გაუქმების საფრთხემდე.

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ათწლეულებია ემსახურება საზოგადოებას, უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ასრულებს იმ მისიას, რომელსაც ხელისუფლება ხშირად თავს არიდებს - საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას. სწორედ ამიტომ მისი მიზანში ამოღება განსაკუთრებით საგანგაშოა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას:
    •    შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის დევნა;
    •    უზრუნველყოს თანასწორი და არადისკრიმინაციული მიდგომა ყველა მედიასაშუალების მიმართ;
    •    ნუ გამოიყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს კრიტიკული მედიის დასასჯელად;
    •    ნუ მიიღებს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც „თრიალეთის“ გაუქმებას ისახავს მიზნად.

მედიის თავისუფლების შეზღუდვა არ არის მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის პრობლემა - ეს არის საზოგადოების უფლების დარღვევა, იცოდეს სიმართლე.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად და სოლიდარობას უცხადებს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“.

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე, კახა კუკავა.