დაფინანსება

საქართველო, 2021 - კიდევ ერთი

ორპოლუსიანი წელიწადი (მთავარი ანალიტიკოსის მიმოხილვა)

2021 წელი დასრულდა და შესაძლებელია გარკვეული შედეგების შეჯამება თუ რა ხდება საქართველოს პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე. ისევ როგორც წინა წლებში გასული წლის პოლიტიკურ დღის წესრიგშიც მთავარი თემა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დაპირისპირება იყო:

ნაციონალური მოძრაობის თვითმკვლელობა:

2012 წლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა შეადგენდა სტაბილურად 20-25 %.  მხარდაჭერა არ იკლებდა, მაგრამ არც იმატებდა, გამომდინარე მიხეილ სააკაშვილის და მისი სახელისუფლებო გუნდის მიმართ დანარჩენი საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებიდან. პირველი მცდელობა ამ ჭაობიდან ამოსვლისა იყო 2018 წელს, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი  - გრიგოლ ვაშაძე წარადგინა არა ნაციონალურმა მოძრაობამ, არამედ (თუნდაც ფორმალურად) კოალიციამ, რომელშიც გაერთიანდნენ სააკაშვილის ყოფილი ოპონენტებიც. იმავდროულად თავად ვაშაძე არ წარმოადგენდა სააკაშვილის დანაშაულებრივი გარემოცვის ნაწილს (ძალოვან სტრუქტურებს) და მორიდებულად ემიჯნებოდა კიდეც სააკაშვილის რეჟიმის ისეთ ქმედებებს, როგორიც იყო, მაგ: 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა. შედეგი: თითქმის 40% არჩევნების პირველ ტურში. მეორე ტურში ამ შედეგის გაზრდა ვერ მოხერხდა, რიგი მიზეზების გამო, მ.შ: იმის გამო რომ საბოლოოდ მაინც ვერ მოხერხდა დისტანცირება სააკაშვილისაგან, რაც ძალზე მოხერხებულად გამოიყენა მმართველმა გუნდმა და ამაზე ააგო კიდეც საკუთარი სტრატეგია.

2020 წლის არჩევნებზე იგივე სტრატეგიის ახალი ძალით გაგრძელებას შეეცადა ვაშაძის „მემკვიდრე“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე - ნიკა მელია. ის კიდევ უფრო მკვეთრად გაემიჯნა სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ წარსულს (მაგ: ოფისიდან გააგდო ყოფილი შს მინისტრი - მერაბიშვილი, განაცხადა რომ თავად მონაწილეობდა 2007 და 2008 წლებში სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციებში და ა.შ). შედეგად მელია იყო ერთადერთი, რომელმაც ოფიციალური მონაცემებითაც კი შეძლო პირველ ტურში მოეპოვებინა გამარჯვება გლდანის საარჩევნო ოლქში. არჩევნების შემდეგ „მელიას კურსმა“ მოიტანა კიდევ  უფრო მეტი შედეგები - ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტის ბოიკოტირება, პრაქტიკულად რეჟიმის საერთაშორისო იზოლაცია, (რამოდენიმე ამერიკელი სენატორი და ევროპარლამენტარი ალაპარკდა საერთაშორისო სანქციებზეც).

მოულოდნელად „მელიას კურსმა“ დარტყმა მიიღო შიგნიდან: სააკაშვილს გაუჩნდა განცდა, რომ ქვეყანაში საერთაშორისო წნეხის ფონზე შესაძლებელია ხელისუფლება მალე შეიცვალოს და პრემიერის პოსტი დაიკავოს ნიკა მელიამ, რომელიც არა მარტო ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი გახდა, არამედ მოიპოვა სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც. შიდა „გადატრიალებას“ მხარი დაუჭირა ე.წ. „ძველმა გუნდმა“, იგივე „მიშისტებმა“, რომელთა შორის ყველაზე გამოჩენილი ფიგურა არის გვარამია, ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელი, ამავე გუნდში მოიაზრებიან ეკა ხერხეულიძე, ნუგზარ წიკლაური, გია ბარამიძე და სხვ.

2021 წლის ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში მელიამ ვერ შეძლო სრულად განეხორციელებინა საკუთარი ხედვები: მაგალითად მას სურდა ყოფილიყო თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი N5 გარეშე, თუმცა ამაზე კატეგორიული უარი მიიღო სააკაშვილისგან. ვერ მოხერდა ფართო კოალიციის შექმნაც, თუმცა საბოლოოდ პირველ ტურზე მან მაინც გააუმჯობესა პარტიის შედეგი - 30%-ზე მეტი.

პრობლემები დაიწყო პირველი ტურის კენჭისყრის საღამოს: სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა და იმ წუთიდან მიიპყრო მთელი ყურადღება. მან აიძულა საკუთარი პარტია მეორე ტურამდე მთავარი მესიჯი „შევცვალოთ ივანიშვილის რეჟიმი“ შეეცვალათ ახალი მესიჯით „თავისუფლება მიშას“, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მელიას მხარდამჭერთა წრე. მელია შეეცადა მეორე ტურის წინ შეექმნა მრავალპარტიული კოლიციის იმიტაცია და ხაზი გაესვა რომ ის იქნებოდა კოალიციის და არა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, თუმცა ამ პროცესმა ყოველგვარი აზრი დაკარგა: ე.წ. „კოალიცის“ საარჩევნო კამპანიის  ღონისძიებები მიმდინარეობდა სააკაშვილის უზარმაზარი პორტრეტების ფონზე და შეძახილებით „გაუმარჯოს მიშას“, „თავისუფლება მიშას“. ანტი-მიშა ელექტორატი მელიასთვის დაიკარგა: მეორე ტურში ისინი ან სახლში დარჩნენ ან მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიის კანდიდატებს.  

ამის შემდეგ „მელიას ხაზი“ დასრულდა და პროცესები უკვე სრულად სააკაშვილის კარნახით წარიმართა, რამაც ტრადიციულად გროტესკის სახე მიიღო: 50 დღიანი შიმშილობა თაფლის, პიურეს და ფაფების თანხლებით, რომელიც რაღა თქმა უნდა ინტენსიურად შუქდებოდა სამთავრობო ტელევიზიებით. თავის მხრივ ოპოზიციური ტელევიზიები აცხადებდნენ რომ ხელისუფლება „აწამებს“ სააკაშვილს, რადგანაც მას ესაჭიროება გადაუდებელი მკურნალობა. მას შემდეგ რაც სააკაშვილი გადაყვანილ იქნა სამკურნალო დაწესებულებაში მისი მომხრების ერთი ნაწილი აცხადებდა რომ მიმდინარეობს გორის ჰოსპიტალში მისი რადიაციული დასხივება, ნიკა გვარამიამ განაცხადა რომ დაგეგმილია მისი გატაცება ოსების მიერ ცხინვალში, ხოლო ე.წ. „პირადმა ექიმმა“ განაცხადა, რომ მისი რეაბილიტაციისთვის აუცილებელია სააკაშვილის გაგზავნა დასასვენებლად ავსტრიაში. ამ განცხადებებმა იმდენად გროტესკული ხასიათი მიიღო, რომ მას გაემიჯნა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ალტერნატიული კონსილიუმიც კი. აღსანიშნავია, რომ ვერც მელიამ და ვერც კოალიციის სხვა ლიდერებმა ვერ  ან არ გაუწიეს წინააღმდეგობა სააკაშვილის გეგმას (მათ შორის იმ ფონზე, როცა სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები მისივე ტაქტიკის კრიტიკის ნებისმიერ მცდელობას პრაქტიკულად ღალატად აცხადებდნენ). გროტესკის სტრატეგიამ „შედეგი გამოიღო“: აქციებზე ხალხის რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასიდან რამდენიმე ასეულამდე შემცირდა. გროტესკის ფინალი გახდა ე.წ. „პერმანენტული“ შიმშილობა ნაციონალური მოძრაობის ოფისში, რომელიც 1 იანვარს ოფიციალურად დასრულდა.

მთელი ამ პროცესის მანძილზე სააკაშვილის გეგმაში ნაციონალური მოძრაობის გარდა აქტიურად მონაწილეობდა სახალხო დამცველი - ნინო ლომჯარია და რაც მთავარია 3-4 ოპოზიციური არხი, ისინიც კი რომელთაც ადრე შედარებით ზომიერი და ცენტრისტული პოზიციები ეკავათ (მაგ: „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ დაემორჩილნენ თეზას, რომ სააკაშვილი არის ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი და აღმაშენებელი და მისი დაპატიმრება „პუტინის დაკვეთაა“. ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ,რომ მედიის ზ/ა პოზიცია განპირობებულია მეტწილად სააკაშვილის მიერ მათი პირდაპირი ფინანსური დაინტერესებით.

ლიბერალიზმის გაკოტრება:

2021 წელს ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტების კრახში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა იდეოლოგიურმა ფაქტორმა: ნაციონალურმა მოძრაობამ ღიად დაუჭირა მხარი 5 ივლისს დაგეგმილ ლგბტ -პრაიდს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ პრაიდი არ შეესაბამება ქართულ ეროვნულ ტრადიციებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ერთის მხრივ იმედოვნებდა, რომ ამ ნაბიჯით მოიპოვებდა დასავლეთის უპირობო მხარდაჭერას, ხოლო მეორეს მხრივ თავად გახდა თავისი მრავაწლიანი პროპაგანდის ტყვე, როდესაც ამტკიცებდა, რომ ლიბერალური ფასეულობები არის ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი. შედეგად დასავლეთმა პრაქტიკულად არ ან ვერ შეამჩნია 5 ივლისი, სამაგიეროდ ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი ივანიშვილის რეჟიმის მიმართ და ეძებს პოლიტიკურ ალტერნატივას, ამ ალტერნატივების შესაძლო ვარიანტებიდან სამუდამოდ გამორიცხა ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ისედაც სკეპტიკურად უყურებდა. ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი რომ გამოვიყენოთ ნაციონალური მოძრაობის ქმედება 5 ივლისს „უფრო მეტია ვიდრე შეცდომა“, საქმე იმაშია,რომ ლგბტ-პრაიდი მიუღებელია არა მხოლოდ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, არამედ თავად ნაციონალური მოძრაობის ელექტორატის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც. შედეგად  5 ივლისს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული თუ ნებადართული ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვის მცდელობა 700-800 კაციანი შეკრებით დასრულდა.

სამაგიეროდ ზ/ა თემას ტაქტიკური თვალსაზრისით იდეალურად გამოეხმაურა „ქართული ოცნება“: „ზომიერად“ გაემიჯნა პრაიდს, “ზომიერად“ დასაჯა მოძალადები და დატოვა განცდა საზოგადოებაში, რომ თუ არ ეწინააღმდეგება „დასავლეთის მიერ თავმოსხვეულ გარყვნილებას“, ყოველ შემთხვევაში არც ბედნიერი არ არის ამ წნეხით.

ზუსტად ანალოგიურად განვითარდა პროცესები იძულებითი ვაქცინაციის კამპანიასთან დაკავშირებით. ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი დაუჭირა მოსახლეობის აუცრელი 2/3-ის იძულებით ვაქცინაციას, მაშინ როდესაც პრემიერმა ღარიბაშვილმა მხარი დაუჭირა შედარებით რბილ ზომებს, რითიც გააუვნებელყო ან მოიმხრო საზოგადოების აღნიშნული ნაწილი.

„ქართული ოცნება“: თიხისფეხებიანი გოდოლი

მმართველი პარტია დღეს უკვე ლეგიტიმურობის ზღვარზე არსებობს. მისმა მხრადაჭერამ ოფიციალური მონაცემებით მეორე ტურში დიდ ქალაქებში 50%-ზე ოდნავ მეტი შეადგინა და თუ მივიღებთ მოცემულობად პოსტ-საბჭოთა საქართველოს აქსიომას, რომ ამ რაოდენობაში 20-25% ე.წ. ადმინისტრაციული რესურსია (საჯარო მოხელეები, სოციალურად დაუცველები და კრიმინალური სამყარო), შეიძლება ითქვას, რომ რეჟიმი არსებობს მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ არ არსებობს (ჯერ კიდევ) ხელისუფლების პოლიტიკური ალტერნატივა, რაზეც ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი.

მმართველი გუნდი დატოვა ყველა ოდნავ მაინც სერიოზულმა ფიგურამ: დაწყებული პრემიერ გახარიადან დამთავრებული პარლამენტის სპიკერით - კუჭავათი. პრაქტიკულად მმართველ გუნდში დარჩნენ მხოლოდ ივანიშვილის უსიტყვოდ მორჩილი თოჯინები (ერთადერთ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს დედაქალაქის მერი).

ვითარება ძალზეც წააგავს 2000-იანი წლების ან 2010-იანი წლების დასაწყისს, როდესაც არსებული რეჟიმი (შევარდნაძე - 2000, სააკაშვილი - 2010) მთლიანად გაკოტრებულია, თუმცა არსებული ალტერნატივა კიდევ უფრო მიუღებელია ფართო საზოგადოებისთვის (აბაშიძე, გაჩეჩილაძე), თუმცა როგორც კი იქმნება რეალური ალტერნატივა რეჟიმი სწრაფად ემხობა (სააკაშვილი - 2003, ივანიშვილი - 2012).

ბოლო არჩევნების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში რეალური ამომრჩეველი 2,2 მლნ ადამიანია, თუმცა ყველა ბოლო არჩევნებში მონაწილეობს არაუმეტეს 1,9 მლნ. შესაბამისად არსებობს 300 000-ზე მეტი ადამიანის რეზერვი, რომელიც მხარს არ უჭერს არცერთ დღეს არსებულ პოლიტიკურ ძალას და რომელიც სავარაუდოდ გადამწყვეტ როლს ითამაშებს მომავალი ხელისუფლების ჩამოყალიბებაში.

დასავლეთი გადის კავკასიიდან:

1992 წლიდან მოყოლებული საქართველო გახდა დასავლეთის უმცროსი პარტნიორი და ყველა ხელისუფლება ითვალისწინებდა დასავლეთის ყველა „რეკომენდაციას“ რომელიც შეეხებოდა საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებს. დასავლეთის ხელდასმით ხდებოდა საქართველოში ხელისუფლებების ცვლილებები (როგორც წესი რუსეთთან  შეთანხმებით). სანაცვლოდ დასავლეთი უზრუნველყოფდა კორუმპირებული და ხშირად არაპოპულარული რეჟიმების ლეგიტიმაციას, ფინანსურ მხარდაჭერას და გარკვეულწილად რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ მხარდაჭერასაც.

დრამატული ცვლილებები ამ მხრივ დაიწყო სწორედ 2021 წლის მეორე ნახევარში. წლის პირველ ნახევარში ხელმოწერილ იქნა შეთანხმება ხელისუფლებასა და შედარებით ლოიალურ ოპოზიციას შორის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის - შარლ მიშელის შუამავლობით, რომელიც ითვალისწინებდა აბსოლუტური ხელისუფლების უმნიშვნელო შეზღუდვებს (მაგ: საარჩევნო ადმინისტრაციაში ოპოზიციური კომპონენტის გაზრდას, მოსამართლეების დანიშვნაში ოპოზიციის  როლის ზრდას და ა.შ.). წლის მეორე ნახევარში მმართველმა გუნდმა ცალმხრივად უარი განაცხადა ამ შეთანხმების შესრულებაზე, რაც უპრეცედენტო მოვლენა იყო თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ევროკავშირმა პრაქტიკულად ურეაქციოდ დატოვა ეს ნაბიჯი. ერთადერთი ქმედება რაც განახორციელა ბრიუსელმა იყო 80 მილიონი ევროს დახმარების შეჩერება, თუმცა მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ საქართველოს ეს დახმარება აღარ ჭირდება. კრიტიკას ცალკეული (ძირითადად ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული) ევროპარლამენტარების მხრიდან მოყვა საპასუხო ხისტი განცხადებები პრემიერ ღარიბაშვილის მხრიდან. ანალოგიური ტონი იქნა არჩეული ამერიკელი დიპლომატების მიმართაც. ამის მიუხედავად აშკარაა, რომ ელჩ კელი დეგნანზე მაღალი დონის განცხადებები ვაშინგტონს არ გაუკეთებია, მ.შ. არც სააკაშვილის დაპატიმრებასთან და შიმშილობასთან დაკავშირებით. შეიძლება ჩაითვალოს რომ ვაშინგტონს არა აქვს არანაირი გადაწყვეტილება და სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ რამოდენიმე თვის წინ ბრიუსელის და ვაშინგტონის ერთობლივ  დიპლომატიურ შტურმს მოყვა ასევე უპრეცედენტო რეაქცია მოსკოვიდან: რუსეთის საგარეო დაზვერვის საჯარო განცხადება, დასავლეთის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის მიუღებლობის შესახებ.

ეს არ უნდა იქნეს გაგებული როგორც ცალსახად პრო-დასავლური საგარეო კურსის პრო-რუსულით შეცვლა. ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, გარე აქტორები არ ჩაერიონ მისი ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის საშინაო საქმეებში. სხვა მხრივ მას დასავლეთთან არანაირი გეოპოლიტიკური ან ღირებულებითი კონფლიქტი არა აქვს. რუსეთი მისთვის არის არა გეოპოლიტიკური არჩევანი, არამედ სათადარიგო აეროდრომი იმ შემთხვევისთვის თუ დასავლეთის წნეხი გაძლიერდება. საქართველო ჯერ არ არის ბელარუსი, თუმცა ივანიშვილმა ცალსახად დაანახა დასავლეთს, რომ რეჟიმის შიდა საქმეებში ჩარევის შემთხვევაში ეს ვარიანტი რეალურად განხილვადია. სწორედ ამ ბალანსირების პოლიტიკის ფარგლებში საქართველო არ დაესწრო 3 + 3 (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი, ირანი) შეხვედრას, თუმცა გაკეთდა ორაზროვანი განცხადებები, მ.შ. ანკარიდან, რომ საქართველოს ელოდებიან მომდევნო შეხვედრებზე. „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად შეგვაწუხებს დასავლეთი თავისი რეკომენდაციებით“ - მიიჩნევს ივანიშვილი.

სხვა პოლიტიკური მოთამაშეები:

დანარჩენი პოლიტიკური მოთამაშეები საქართველოში ჯერ კიდევ უმნიშვნელო როლს  ასრულებენ. ე.წ. „მესამე ძალის“ მოლოდინი მკვეთრად გაიზარდა გაზაფხულზე პრემიერ გახარიას გადადგომის შემდეგ, თუმცა ეს მოლოდინი მკვეთრად შემცირდა მისი პირველივე გამოჩენის შემდეგ: მან აირჩია არა „არც ქოცი, არც ნაცი“ პლატფორმა, რაც სავარაუდოდ 20-30%-იან და პერსპექტივაში კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას მოიცავდა, არამედ პლატფორმა “ბიძინა კარგია, მაგრამ კობახიძე ცუდია“, რამაც არსებითად შეავიწროვა მისი ელექტორატი. გახარიას რეიტინგი სწრაფად იკლებს არჩევნების შემდეგაც ძირითადად არა რაიმე დრამატული შეცდომის, არამედ უმოქმედობის ხარჯზე. თუ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდა, სავარაუდოდ მისი პოლიტიკური პარტიაც ჩაეწერება მათ რიგში, ვისი მთავარი პოლიტიკური ამოცანაა ბარიერის გადალახვა.

კიდევ უფრო უფერულია სხვა პარტიების პერსპექტივა, რომლებიც მუდმივად არიან დილემის წინაშე: ან იმოქმედონ დამოუკიდებლად და დაკარგონ სპონსორები და მედიის მხარდაჭერა, ან იმოქმედონ სპონსორების და მედიის დაკვეთით და შესაბამისად იმოძრაონ ან ივანიშვილის ან სააკაშვილის ორბიტაზე. ამ დილემამ უკვე შეიწირა ერთ დროს ძალიან პერსპექტიულად განხილული პოლიტიკური გუნდები: სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი, ელისაშვილის გუნდი და 2022 წელს სავარაუდოდ შეიწირავს: ანა დოლიძის, ალტ ინფოს და ელენე ხოშტარიას პერსპექტივებსაც.

და ბოლოს რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ე.წ. ეროვნული შერიგების შესახებ. ვფიქრობთ ეს ისეთივე გროტესკია, როგორც სააკაშვილის შიმშილობა. რეალურად ზურაბიშვილს არ შეუძლია რაიმე შესთავაზოს დაპირისპირებულ მხარეებს (გარდა შამპანურისა), ვინაიდან არა აქვს არანაირი მანდატი არც ხალხისგან, არც ივანიშვილისგან და პრინციპში არც ოპოზიციისგან. ასე, რომ მისი ერთადერთი ფუნქცია (ისევე როგორც რურუას და უგულავას შეწყალების შემთხვევაში) იქნება სააკაშვილის შეწყალება, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი (თუ სააკაშვილი უარს იტყვის ქართულ პოლიტიკაში სამომავლო მონაწილეობაზე).

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე რას შეიძლება ველოდოთ 2022 წელს?

  • სააკაშვილის სტრატეგიის კრახმა უკვე გააძლიერა სკეპტიკური განწყობები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მის ირგვლივ. სააკაშვილის გუნდს ღიად დაუპირისპირდა გიგა ბოკერია, სავარაუდოდ ნაციონალურ მოძრაობას გაემიჯნებიან ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, გირჩი, ასევე პარლამენტის წევრების ნაწილი, რომლებიც ფორმალურად ნაციონალურ მოძრაობასთან ბლოკში არიან თუმცა რეალურად ვერანაირ მონაწილობას ვერ იღებენ პოლიტიკურ პროცესში;
  • იგივე მიზეზის გამო მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები და ტელეკომპანია „მთავარის“ მაუწყებლობის დროებით შეჩერება;
  • ივანიშვილი გააგრძელებს უკვე არსებული სატელიტი პარტიების გარდა ახალი პარტიების დაფუძნებას: წლის პირველ ნახევარში ერთ-ერთ ასეთ პარტიას დააფუძნებს მისი ადვოკატი - ვიქტორ ყიფიანი. არ არის გამორიცხული ასევე კახი კალაძის რეალური ან ნომინალური დისტანცირება მმართველი გუნდისაგან.
  • ივანიშვილის რეჟიმზე წნეხს სავარაუდოდ გააძლიერებს არა დასავლეთი, არამედ რუსეთი: მოთხოვს რა საქართველომ მონაწილეობა მიიღოს 3 + 3 ფორმატში და უარი განაცხადოს NATO-ზე. ნებისმიერ ფალსტარტს ამ მიმართულებით შეუძლია გამოიწვიოს იგივე პროცესები, რაც გამოიწვია 2019 წელს გავრილოვის ვიზტმა და ერთგვარი იმპულსი მისცეს ქართული პოლიტიკის „გადატვირთვას“.