პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა - კახა კუკავამ, დღეს თანაგუნდელებთან ერთად თბილისის მერიის წინ ბრიფინგი გამართა.
„თავისუფალი საქართველოს“ განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეებს ძარცვავს ადმინისტრაციული ჯარიმების საშუალებით, რომელთა ოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და ჯამურად უკვე მილიონობით ლარს შეადგენს.
„პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ჯარიმების მოცულობა აბსოლუტურად არ არის ადეკვატური მოსახლეობის საშუალო შემოსავლებთან მიმართებაში.
მეორე მხრივ, პარკინგის ჯარიმები თავისთავად უსამართლოა, რადგან თბილისში მანქანის პარკირება დარღვევის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. ეს გამოწვეულია იმით, რომ იქ, სადაც საპარკინგე ადგილები უნდა ყოფილიყო, მერიამ კორუფციული გარიგებების შედეგად საცხოვრებელი ან სავაჭრო შენობები წამოჭიმა.
გარდა ამისა, გვაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ვიდეოკამერები არ აფიქსირებენ და არ წერენ ჯარიმებს პარლამენტის წევრების, მთავრობის წარმომადგენლებისა და მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრების ავტომობილებზე,“ – განაცხადა კახა კუკავამ.
მისივე თქმით, არსებული სისტემა მოქალაქეებისთვის არა სამართლებრივი პასუხისმგებლობის, არამედ ძარცვის იარაღად არის ქცეული.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველას – ნუ გადაიხდით საპატრულო და პარკინგის ჯარიმებს. იმისათვის, რომ არ დაგეკისროთ კანონით გათვალისწინებული ჯარიმები და საურავები, „თავისუფალი საქართველო“ გაასაჩივრებს ყველა ადმინისტრაციულ ჯარიმას. ამისთვის საკმარისია დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 593 31 80 20 და მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია,“ – აღნიშნა კუკავამ.