დაფინანსება

"თავისუფალი საქართველო" "ქართული ოცნების"

ძველ მომხრეებს მიმართავს.

დღეს თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ საკრებულოს წინ თანაგუნდელებთან ერთად ბრიფინგი გამართა და "ქართული ოცნების" ძველ მომხრეებს მიმართა: "ხდება ის რის შესახებაც მუდმივად გაფრთხილებდით, "ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ მოისროლა პოლიტიკურ სანაგვეზე ის ადამიანები ვისთან ერთადაც 2012 წელს იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს როდესაც ვხედავთ, რომ იკერება საქმე ღარიბაშვილის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მტრებად არიან გამოცხადებული გომელაური და ლილუაშვილი, ხოლო მეორეს მხრივ უმაღლეს სახელწიფო პოსტებს (პრემიერ-მინისტრი, ძალოვანი მინისტრები და ა.შ) იკავებენ ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს ან სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდნენ, ან უკეთეს შემთხვევაში ბუჩქებში იყვნენ ჩარგული. ყველაზე ეფექტური გზა გამოვაფხიზლოთ რეჟიმი არის მოხვიდეთ არჩევნებზე და ხმა მისცეთ "თავისუფალ საქართველოს". ჩვენ და ბევრი თქვენთაგანი ერთად ვიდექით 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს, მაგრამ ახლა კობახიძეს და პაპუაშვილს თქვენ არ ჭირდებით, თქვენ ერთხელ უკვე მწარედ მოგატყუეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, როდესაც ივანიშვილი საჯაროდ დაგპირდათ ე.წ ძველი გვარდიის დაფასებას და პორტირებული ნაცების საკადრო წმენდას, თუმცა მას შემდეგ პროცესები საპირისპირო მიმართულებით განვითარდა: თანამდებობებზე რჩებიან მურუსიძეც და ჩინჩალაძეც, ხოლო ე.წ. ძველი გვარდიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რეპრესიებია დაწყებული"

ბრიფინგზე განცხადება გააკეთა აგრეთვე როინ ხიჯაკაძემ: "2012 წელს მე ვიყავი "ქართული ოცნების" ცენტრალური შტაბის წევრი, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩემს ძველ მეგობრებს დავავიწყდი. ვუყურებ ხელისუფლების პირველ პირებს და მათ შორის ვერ ვიხსენებ ვერცერთს ვინ იყო 2012 წელს ჩვენს გუნდში" - განაცხადა ხიჯაკაძემ.

ბრიფინგს ასევე ესწრებოდა ტელეკომპანია "თრიალეთის" დამფუძნებელი - ბადრი ნანეტაშვილი: "როცა არავინ თანხმდებოდა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილისთვის ეთერი დაეთმო, ჩვენი ტელეკომპანია იყო ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი ვინც არ შეუშინდა სააკაშვილის რეპრესიებს, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჩვენი ტელეკომპანიისთვის სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, ამიტომაც მე ხმას ვაძლევ "თავისუფალ საქართველოს" და იმედი მაქვს რომ ჩვენი გუნდის მაღალი შედეგი ხელს შეუწყობს ხელისუფლების გამოფხიზლებას და საკადრო პოლიტიკა განხორციელდება თითოეული ადამიანის დამსახურების გათვალისწინებით".

"თავისუფალი საქართველოს" საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს ერთ-ერთი მთავარი დაპირების სახით ძირეულ ცვლილებებს ამ ეტაპზე თვითმმართველობის საკადრო პოლიტიკაში: "საკრებულოში და მერიაში უნდა დაინიშნონ არა ლუკა ძაძამია და ის ადამიანები ვისაც ხელისუფლება თავად აცხადებდა უცხოეთის აგენტად, არამედ ის ხალხი ვინც საქმით დაამტკიცა სახელმწიფოს ერთულება".