უნგრეთის პრემიერ-მინისტრს
ბატონ ვიქტორ ორბანს
ბატონო პრემიერ-მინისტრო,
მოგმართავთ საქართველოს პატარა ოპოზიციური პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ სახელით, ჩვენ მხარს გიჭერდით და გიჭერთ თქვენს პოლიტიკურ მიდგომებში, ვგულისხმობთ, ტრადიციული ფასეულობების დაცვას, ლიბერალური პროპაგანდის შეკავებას, ბრიუსელის მონოპოლიის წინააღმდეგ აქტიურ პოლიტიკას და რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას. ეს პოლიტიკა პოპულარულია არა მარტო უნგრეთში, არამედ ძალიან პოპულარულია საქართველოშიც და დარწმუნებული ვართ უახლოეს წლებში მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს ევროპის დიდ სახელმწიფოებშიც.
იმავდროულად გვსურს არ დაგეთანხმოთ თქვენს მიერ საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის მხარდაჭერაში, თქვენ იყავით ერთადერთი, აზერბაიჯანის და ბელარუსის ლიდერებთან ერთად, ვინც მიულოცეთ და ლეგიტიმაცია მიეცით ივანიშვილის მიერ გაყალბებულ არჩევნებს.
ვფიქრობთ ეს არის შეცდომა: ჯერ ერთი უნგრეთი არ არის ავტორიტარული ქვეყანა. თუ რატომ ულოცავს ბელარუსი და აზერბაიჯანი საქართველოს, ეს გასაგებია - იმიტომ, რომ ისევე როგორც ბელარუსში და აზერბაიჯანში საქართველოშიც არის ავტორიტარული რეჟიმი. ყველა რეგიონის გუბერნატორი, ყველა ქალაქის მერი და ყველა სოფლის გამგებელი არის ერთი პარტიის წარმომადგენელი, მაშინ როდესაც უნგრეთში დემოკრატიაა - ჩვენ ვიცით რომ დედაქალაქის მერი და ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ოპოზიციის წარმომადგენელია. მაშინ რატომ დაუჭირეთ მხარი საქართველოს გაყალბებულ არჩევნებს? მხოლოდ იმიტომ რომ საქართველოს საგარეო კურსი მისაღებია უნგრეთისთვის? ამის გამო შეიძლება, რომ თვალი დავხუჭოთ საშინაო მოვლენებზე?
სწორედ ეს არის ის შეცდომა, რომელიც თავის დროზე დაუშვეს ევროპელმა მოკავშირეებმა სააკაშვილთან მიმართებაში: 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც მთელი საქართველო გამოვიდა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, ხოლო სააკაშვილმა ეს აქცია სისხლში ჩაახრჩო, აშშ პრეზიდენტმა ბუშმა, პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა კაჩინსკიმ და სხვა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს სააკაშვილს, სწორედ ამ ლოგიკით: ვინაიდან ის ჩვენი მეგობარია და პუტინის მტერია, მოდით თვალი დავხუჭოთ იმაზე თუ რა ხდება ქვეყნის შიგნით. შედეგად სწორედ ამან გამოიწვია არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ მისი მოკავშირეების, და მთლიანად დასავლეთის დისკრედიტაცია ქართველი ხალხის თვალში. „თუ დასავლეთი უდრის ავტორიტარიზმს, მაშინ ჩვენ არ გვინდა დასავლეთი“ - გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბერს.
ახლა ჩვენ იგივე წრეზე ვმოძრაობთ: ქართველ ხალხს ძალიანაც უნდა ტრადიციული ფასეულობები და მშვიდობა, მაგრამ თქვენი პირით საქართველოს ხელისუფლება გვეუბნება: თუ გინდათ ტრადიციული ფასეულობები და მშვიდობა მაშინ უნდა მოითმინოთ ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმი. ვფიქრობთ შედეგი ახლაც იგივე იქნება, რაც 2012 წელს. ქართველი ხალხი გადაწყვეტს რომ „თუ უნგრეთი, ტრადიცული ფასეულობები და ა.შ. უდრის ივანიშვილის ავტოკრატიას, მაშინ ჩვენ არ გვინდა არც ასეთი ტრადიციული ფასეულობები და არც ასეთი მოკავშირეები“ და შედეგად შეიძლება მივიღოთ ისეთივე დრამატული შემობრუნება, როგორიც 2012 წელს, ამჯერად საპირისპირო მიმართულებით.
2008 წელს მე პირადად შევხვდი პოლონეთის პრეზიდენტ კაჩინსკის და ესტონეთის პრეზიდენტ ილვესს და ვარწმუნებდი, რომ თუ მათ საქართველოს დახმარება უნდოდათ მაშინ სწორი ნაბიჯი იქნებოდა არა ის რომ თვალი დაეხუჭათ საააკაშვილის დანაშაულობებზე ქვეყნის შიგნით, არამედ პირიქით დაერწმუნებინათ სააკაშვილი გაეტარებინა დემოკრატიული რეფორმები, საქართველო ასე უფრო სწრაფად გახდებოდა ნატოს წევრი. რა თქმა უნდა მაშინ ჩემი და ჩემი მეგობრების რეკომენდაციები უგულებელყოფილი იქნა მათ მიერ.
ახლა მინდა იგივე თხოვნით მოგმართოთ თქვენ - თუ გსურთ რომ საქართველომ მართლაც თავი დააღწიოს დასავლური ლიბერალიზმის მარწუხებს, რომელშიც უკვე სამი ათეული წელია მოქცეულია ჩვენი ქვეყანა, მაშინ სწორი გზა იქნება არა ის რომ თვალი დახუჭოთ ივანიშვილის ავტორიტარიზმზე და მის მიერ არჩევნების გაყალებებაზე, არამედ ის რომ დაარწმუნოთ ივანიშვილის რეჟიმი გაატაროს დემოკრატიული რეფორმები, გამოიძიოს უხეში დარღვევები საპარლამენტო არჩევნებზე და დანიშნოს თავისუფალი არჩევნები.
გთხოვთ, ასევე დანიშნოთ სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც არა მარტო ხელისუფლებისგან, არამედ ოპოზიციისგანაც მიიღებს უტყუარ მტკიცებულებებს არჩევნების გაყალბების შესახებ და მიუკერძოებელ ზედამხედველობას განახორციელებს გამოძიების პროცესზე.
პატივისცემით,
„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე
კახა კუკავა