დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განცხადება შეიტანა საქართველოს რკინიგზის ყოფილმა თანამშრომელმა გია ყრუაშვილმა. ყრუაშვილი პირდაპირ მიუთითებს საქართველოს რკინიგზაზე არსებული ელიტური კორუფციის ფაქტების შესახებ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობისგან სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ყრუაშვილის განცხადებაში მითითებულია, განსაკუთრებით მძიმე რამდენიმე დანაშაულის შესახებ:
საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით ჩამოწერილი იქნა 18 მილიონის ღირებულების აქტივები. რეალურად ჩამოიწერა არა არარსებული ან ფასის არმქონე ტექნიკა, არამედ ძვირადღირებული გოგორწყვილები, რელსები, ვაგონები და სხვა ტექნიკა.
განსაკუთრებით უპრეცედენტო და აღმაშფოთებელი იყო, რომ ჩამოწერილი აქტივების ნუსხაში შედის ვარგისი რელსები, რომლებიც საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობის დავალებით იქნა დემონტირებული და ჯართში ჩაბარებული.
საქართველოს რკინიგზის მიერ პერიოდულად ხდება ძვირადღირებული ტექნიკის შესყიდვა, რომელიც რეალურად არ წარმოადგენს საჭიროებას და არ ხდება მისი ექსპლუატაცია, მაგალითად, 2013 წელს შესყიდული იქნა ვაგონების სამღებრო კამერა, დაახლოებით 1 500 000 აშშ დოლარად, თუმცა აღნიშნული ობიექტი ექსპლუატაციაში ერთი დღითაც არ ყოფილა გაშვებული და განადგურდა.
2024 წელს ავარიულად დაზიანდა ერთ-ერთი შემადგენლობის კაბინა, რომლის მთლიანად აღდგენის მიზნით საქართველოს რკინიგზამ გააფორმა 2025 წელს კორუფციული ხელშეკრულება აზერბაიჯანულ კომპანიასთან და მხოლოდ კაბინის შეკეთებაში გადაიხადა 4 800 000 ლარი, ეს იმ დროს როდესაც მთელი შემადგენლობის (ოთხი ვაგონის) თავდაპირველი ღირებულება შეადგენდა 9 მილიონ აშშ დოლარს. მიახლოებითი შეფასებით კაბინის დაზიანებიდან გამომდინარე, მისი შეკეთების რეალური ღირებულება შეადგენდა 200 000 ლარს.
საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთი ხელმძღვანელის (დღეს ეკონომიკის მინისტრის მოქმედი მოადგილე) - გურამ გურამიშვილის ინიციატივით შესყიდული იქნა 62 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რელსები, რომელიც საქართველოს რკინიგზას არ გამოუყენებია და გადასცა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის კომპანიას. რკინიგზის რელსები ჩვენი ინფორმაციით არის უხარისხო და მის ღირებულება რეალურად შეადგენს ნაკლებ თანხას. აღრიცხულია მრავალრიცხოვანი დაზიანებები ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე.
საქართველოს რკინიგზის ბიუჯეტიდან გამოიყო 15 მილიონი ლარი ქ. ფოთში მდებარე ობიექტის: გე-პარკის მოწყობისთვის, ობიექტი რეალურად არ არსებობს.
საქართველოზე რკინიგზა კერძო კომპანიას ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიურად ურიცხავს 500 000 ლარს შტადლერის ელექტრომატარებლის მოვლა-პატრონობაში, თუმცა ხელშეკრულება ფიქტიურია და რეალურად არანაირი სამუშაოები არ წარმოებს.
განცხადებას თან ერთვის ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები.