„როდესაც შეიქმნა წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისია მაშინვე, „თავისუფალმა საქართველომ“ განვაცხადეთ, რომ ეს იყო ფარსი. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ საცირკოდ სანახაობად გადააქციეს ის ხალხი, რომლებიც მართლაც დაზარალდნენ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს“, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია “თავისუფალი საქართველოს” ხელმძღვანელმა - კახა კუკავამ განაცხადა.
“კომისიის ერთადერთი რეკომენდაცია, ერთადერთი ნაბიჯი, რაც უნდა მოჰყვეს ამ კომისიის ე.წ გამოძიებას, არის რომ ორდენები ჩამოერთმევათ მწამებლებს. არ ყოფილა ერთი სიტყვა იმაზე, რომ ვინმეს ბრალი წარუდგება. არც ერთი სიტყვა არ უთქვამს წულუკიანს იმაზე, რასაც ყველაზე მეტი ადამიანი ელოდებოდა - ქონების დაბრუნებაზე. ის ქონება, რომელიც სააკაშვილმა წაართვა ათასობით ადამიანს, დღესაც ირიცხება ეკონომიკის სამინისტროს სახელზე და არც ერთი მათგანი, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, არ დაბრუნებია კანონიერ მფლობელებს“. - აღნიშნა კუკავამ.
ამასთან, კუკავა თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიას „მასკარადს“ უწოდებს და ხაზგასმით აღნიშნავს რომ, რეალური გამოძიება ვერ ჩატარდება მოქმედი ხელისუფლების პირობებში. მისი თქმით, რეალური გამოძიება უნდა ჩატარდეს უკვე ამ ხელისუფლების შემდგომ და კომისიას უნდა ერქვას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კოაბიტაციის საგამოძიებო კომისია.