დღეს ბრიფინგი გამართა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ , რომელმაც განაცხადა რომ იაფი მედიკამენტების იმპორტი თურქეთიდან განახლებულია და პირველი პარტია უკვე თბილისშია.
“იაფი მედიკამენტების პირველი პარტია უკვე თბილისშია, პირველ ეტაპზე შემოვიტანეთ რამოდენიმე დასახელების მედიკამენტი, რომელიც ყველაზე უფრო მოთხოვნადია, და მონოპოლიური ფასები, რომელიც დაწესებულია კობახიძის კორუმპირებული კლანის მიერ საქართველოში, 3-ჯერ, 4-ჯერ აღემატება თურქეთის ფასებს. მედიკამენტების ჩამონათვალი რომელიც პერიოდულად განახლდება, ყველას შეუძლია ნახოს ჩვენს ვებ-გვერდზე freegeo.ge/ge/აფთიაქი და ამავე გვერდზე შეუკვეთოს სასურველი მედიკამენტი.
რა თქმა უნდა ჩვენ სრულად ვერ დავაკმაყოფილებთ დედაქალაქის საჭიროებას, თუმცა ჩვენ ვახორციელებთ ამ პროგრამას რათა ყველამ დაინახოს რომ, იაფი მედიკამენტები რეალურია და ერთადერთი ბარიერი რომელიც, ჩვენს პაციენტებს მასთან აშორებს არის „ქართული ოცნების“ რეჟიმი. თუ თბილისელები მხარს დაგვიჭერენ, დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტს დაემატება ახალი პროგრამა - იაფი მედიკამენტები, თბილისის თვითმმართველობა შეიძენს საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს და ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც ყველა თბილისელისთვის, ასევე თბილისის ყველა სტუმრისათვის.
ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ კობახიძის მთავრობა ყველანაირად შეეცდება ამ პროცესს ხელი შეუშალოს და დაგვადანაშაულოს ამომრჩევლის მოსყიდვაში. გვინდა წინასწარ განვაცხადოთ, რომ ჩვენ არავის არაფერს არ ვჩუქნით, არამედ უზრუნველვყოფთ მედიკამენტების მიწოდებას იმ ფასში, რა ფასადაც ჩვენ თვითონ შევიძინეთ ის თურქეთში.”
კახა კუკავას თქმით, მედიკამენტების დარიგება დედაქალაქში ამ კვირიდანვე დაიწყება.