„კიდევ ერთხელ ვიხილეთ ამაზრზენი კადრები – გინება, ჩხუბი და ძალადობა, რაც უფრო სოფლის დუქანში მოხდარს უფრო ჰგავდა, ვიდრე ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების დაპირისპირებას დედაქალაქის ცენტრში“ - „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა თბილისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
კახა კუკავას განცხადებით, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს, თუმცა რეალურად ორივე მხოლოდ ნახევრად სიმართლეს ამბობს.
„მართალია, ხელისუფლება როცა ამბობს, რომ ეს პროვოკაცია იყო და როდესაც მიდიხარ მოწინააღმდეგის ოფისთან და აყვირდები „მონებო, გამყიდველებო, რუსებოო“, ბუნებრივია, იქიდანაც იქნება პასუხი და ამის შემდეგ არ უნდა მოირგო „დაზარალებულის“ როლი. მეორეს მხრივ, ოპოზიციაც მართალია, როდესაც მიუთითებს, რომ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ძალადობაზე პოლიცია არ რეაგირებს და წესრიგის დამცველები ჩნდებიან მხოლოდ მაშინ, როცა ოპოზიცია აწყობს აქციას, მაგრამ თუ მოძალადე თავად ხელისუფლების მხარეა – პოლიცია არსად ჩანს“. - განაცხადა კუკავამ
მისი თქმით, საზოგადოებისათვის ცხადია, რომ ასეთი პოლიტიკური რეალობა მიუღებელია. ამიტომაც – სანამ ქართულ პოლიტიკაში მთავარი მოთამაშეები იქნებიან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ (ან მათი სატელიტები), მანამდე მუშტი-კრივი და ძალადობა პოლიტიკაში არ დასრულდება.
„ამიტომ, მე ყველა მოქალაქეს მოგიწოდებთ – ადგილობრივი არჩევნები არის შანსი, რომ შევცვალოთ ეს ორპოლუსიანი სიმახინჯე. მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით „თავისუფალ საქართველოს“, რათა ქართულ პოლიტიკას ჰქონდეს ცივილიზებული სახე, როგორც ეს დასავლურ ქვეყნებშია. პოლიტიკურმა დებატებმა უნდა გადაინაცვლოს საკრებულოსა და პარლამენტის დარბაზებში და არა ქუჩაში. შემოხაზეთ N7 – „თავისუფალი საქართველო“ - განაცხადა კახა კუკავამ.