დღეს თბილისის მერობის კანდიდატმა - კახა კუკავამ საარჩევნო შტაბთან ბრიფინგი გამართა და საკრედიტო ინსტიტუტების მსესხებლებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აქცია გააცნო:
“დღეს საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საშუალო საბაზრო განაკვეთი სესხებზე 15%-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ძალიან ბევრი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო და კერძო მევახშე იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებს გასცემს 25, 35 და ხშირად 40 %-ის ზევით. საქართველოს კანონმდებლობით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ამგვარი პროცენტების რეგულაცია, თუმცა არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა რომ არ შეიძლება ფიზიკურ პირებზე სესხები გაიცეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ განაკვეთზე უფრო მეტი პროცენტით.
შესაბამისად ჩვენ მივმართავთ ნებისმიერი საკრედიტო ინსტიტუტის მსესხებელს: თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ სასამართლოში აღიარებითი სარჩელები და მოითხოვოთ სესხებზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი განაკვეთის დადგენა, რომელიც თქვენი სესხის სპეციფიკიდან გამომდინარე იქნება არა უმეტეს 15%. იურიდიული პროცედურების გამარტივების მიზნით „თავისუფალი საქართველოს“ შტაბში გახსნილია ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს ონლაინ ვეხმარებით სარჩელების მომზადებაში და შეტანაში. საკმარისია გამოაგზავნოთ ჩვენს ცხელ ხაზზე საკუთარი სესხის ხელშეკრულებები.
პარალელურად ჩვენ შეტანილი გვაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში რომ არაკონსტიტუციურად იქდეს აღიარებული 15%-ზე ზევით პროცენტის გაცემა, თუმცა მანამდე ვფიქრობთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც „ლიბერთი ბანკს“ მაგალითად 49%-ს უხდიან, სერიოზული შეღავათი იქნება, სესხებზე პროცენტის სასამართლო გზით შემცირება.”
კახა კუკავას თქმით, მოქალაქეები აქციასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებენ “თავისუფალი საქართველოს“ ვებ-გვერდზე: freegeo.ge/ge/პროცენტები, ხოლო მონაცემების გამოგზავნა შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე: freegeorgia2010@gmail.com