პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ კახა კუკავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს შეწყალება მიულოცა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულიად დაპირისპირებულ პოზიციებზე ვიმყოფებით, იმ საქმესთან დაკავშირებით, რისთვისაც ისინი სასჯელს იხდიდნენ, ეს ნამდვილად იყო პოლიტიკური და უკანონო მსჯავრი“ – განაცხადა კუკავამ.
მისი თქმით, საზოგადოება საქმის კურსშია, რომ პარტია „თავისუფალი საქართველო“ უკვე წლებია უკანონო გამოსახლებებისა და აუქციონების წინააღმდეგ იბრძვის.
„ამ პროცესებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კრედიტორია თიბისი ბანკი, რომლის აქციონერებიც არიან ბატონი ბადრი ჯაფარიძე და ბატონი მამუკა ხაზარაძე,“ – აღნიშნა კუკავამ.
„ამიტომაც მინდა მივმართო მათ. ამჟამად ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭაქვინჯში თიბისი ბანკი 7 000 დოლარის გამო საცხოვრებელ სახლს უყიდის 74 წლის პენსიონერს, გულით ავადმყოფ ბონდო მებონიას, რომლის ოჯახშიც ასევე ონკოლოგიური პაციენტი ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე მივმართეთ საქალაქო სასამართლოს, თუმცა ამავდროულად მოვუწოდებ თიბისი ბანკის აქციონერებს – ხაზარაძესა და ჯაფარიძეს: კრედიტორის მოთხოვნით შესაძლებელია აუქციონის დაუყოვნებლივ შეჩერება,“ – განაცხადა კუკავამ.
„რადგან დღევანდელი დღე თქვენთვის ასე პოზიტიურად წარიმართა, თქვენც გამოიჩინეთ ჰუმანური, ადამიანური მიდგომა და მიმართეთ შესაბამისი შუამდგომლობით აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რათა ეს სამარცხვინო აუქციონი – 7 000 დოლარის გამო საცხოვრებელი სახლის გაყიდვა – შეჩერდეს. ამ უსამართლობას და უსინდისობას უნდა დაესვას წერტილი,“ – განაცხადა კუკავამ.