დაფინანსება

კახა კუკავა: მერია

საპარკინგე ადგილებს ყიდის 

დღეს ბრიფინგი გამართა "თავისუფალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა - კახა კუკავამ, რომელმაც გამოაქვეყნა თბილისის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაცია, თბილისში არსებული საპარკინგე ადგილების შესახებ: 

“ალბათ ყველას გახსოვთ კალაძის წინასაარჩევნო დაპირებები წინა თვითმმართველობის არჩევნებზე, რომ შეიქმებოდა ვერტიკალური საპარკინგე ადგილები და სხვა მსგავსი. რეალურად კი ვერტიკალურს ვინ ჩივის, მერია ყიდის ჰორიზონტალურ, სტანდარტულ საპარკინგე ადგილებს და ამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვებს გასცემს. 

2018 წელს, ანუ როდესაც კალაძე გახდა თბილისის მერი, თბილისში იყო 32 000-ზე მეტი უფასო საპარკინგე ადგილი, 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით კი ქალაქში დარჩა სულ 27.500 საპარკინგე ადგილი, საიდანაც უფასო მხოლოდ 18 ათასია. მერიას ჯერ არ მოუწოდებია ჩვენთვის 2025 წლის მონაცემები, სავარაუდოდ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 

რაც განსაკუთრებით კიდევ უფრო მეტი უტიფრობაა, პარალელურად მერიამ გაზარდა ჯარიმები არასწორ პარკირებაზე, რომელიც რეალურად მისივე მიზეზითაა გამოწვეული და მძღოლების უდისციპლინობა არაფერ შუაშია. თუ კალაძის მოსვლის პირველ წელს (2018) დედაქალაქში გამოიწერა 391 000 ჯარიმა არასწორი პარკირებისთვის, 2022 წელს ეს ციფრი უკვე 773.000 გადაცდა, და დღევანდელი მონაცემებით სავარაუდოდ მილიონს აღემატება.

ჩვენ გვჭირდება თბილისელების მხარდაჭერა, რათა კორუფციის ყველაზე უტიფარ და თავხედურ ფორმას - საპარკინგე ადგილების გაყიდვას და იქ კორპუსების წამოჭიმვას წერტილი დავუსვათ. მერიის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა გახდეს პარკირების ახალი სივრცეების შექმნა, და მანამდე ვიდრე ეს საკითხი მთლიანად არ მოწესრიგდება ამნისტირებული უნდა იქნეს პარკირებისთვის გამოწერილი ყველა ჯარიმა.”

აღსანიშნავია რომ კახა კუკავას შტაბი აწარმოებს მოქალაქეების დახმარებას ჯარიმების უსასყიდლოდ გასაჩივრების მიზნით, თბილისელებს შეუძლიათ საკუთარი ჯარიმები გააგზავნონ "თავისუფალი საქართველოს" ვებ-გვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.