ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სულ უფრო და უფრო საშიშ ხასიათს იღებს. მოვლენების განვითარების ძალადობრივი სცენარი, ქვეყანას 90-იანების ქაოსში დაბრუნებით ემუქრება. მით უფრო როცა შიდა დაძაბულობას ხელს უწყობს ერთის მხრივ - სხვადასხვა უცხო ქვეყნის მთავრობები, სპეც სამსახურებები, მათ მიერ მართვადი და დაფინანსებული სტრუქტურები, ხოლო მეორეს მხრივ - ხელისუფლების არადეკვატური და პროვოკაციული ქმედებები. ღიად იკითხება და შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს რომ მასობრივი პროტესტით ცდილობს სარგებელი მიიღოს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივმა გადმონაშთებმა. შექმნილ ვითარებაში მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აგრეთვე პროტესტის მონაწილეთა და ორგანიზატორების იმ ნაწილს რომელიც დაინტერესებული არ არის ძალადობრივის სცენარით, კომპრომისისკენ:
1. ვინაიდან ყველა მხარე აღიარებს რომ გამჭვირვალობაში ცუდი არაფერი არ არის, მათ შორის ეს აღიარებულია ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელმაც მთლიანობაში მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება - ამ ეტაპზე მიღებული იქნეს კანონის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსების გამჭვირვალობას.
2. კანონის დანარჩენი ნაწილი, რომელიც ფაქტია რომ იწვევს საზოგადოებაში მწვავე დაპირისპირებას, გამოტანილი იქნეს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად პლებისციტზე.
PS: აქვე მივუთითებთ რომ კონკრეტულად ჩვენთვის, მისაღებია უცხოური გავლენების შეზღუდვა ქვეყანაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში აშკარად მიმართულია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობთ უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის არეულობისა და ქაოსის თავიდან არიდება.
3. საპროტესტო აქციაზე გამოსული ათობით ათასი ადამიანი აპროტესტებს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ კანონპროექტს, არამედ 2012 წლიდან დღემდე დაგროვილ და გადაუჭრელ პრობლემებს:
უსამართლო სასამართლო, ზღვარს გადასული კორუფცია, გაყალბებული არჩევნები, არაფორმალური მმართველობა, სოციალური უთანასწორობა, ხელისუფლებასთან შეზრდილი მონოპოლიების მიერ ხალხის ძარცვა და სხვა.
პასუხი ამ ყველაფერზე უნდა იყოს არა ხელისუფლების პირველი პირების ხისტი და ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი განცხადებები ოპონენტების მიმართ, არამედ ინტენსიური დიალოგი ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე, ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან.
წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება მსგავსი ტიპის რყევები პერიოდულად, რასაც აუცილებლად გამოიყენებენ ქვეყნის არაკეთილმოსურნეები.
სანამ დრო კიდევ დარჩა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სწრაფი და კონკრეტული ქმედებებისკენ.
კახა კუკავა - "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე
გოჩა ჯოჯუა - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე