დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: პოლიტიკურ პროცესებში

„მხედრიონის“ ჩართვა დაუშვებელია

ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, „მხედრიონისა“ და კიტოვანის გვარდიის ვეტერანები ბიძინა ივანიშილის ხელისუფლებას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. მიმართვაში „მხედრიონელი“ დავით ახრახაძე და რამდენიმე პირი იმუქრება, რომ ოპოზიციის მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალადობრივ და შეიარაღებულ ქმედებებს წამოიწყებენ. „მხედრიონმა“ და კიტოვანის გვარდიამ, 90-იანი წლების დასაწყისში უკვე შეასრულა ტრაგიკული როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში - მათ კისერზეა დანგრეული თბილისი, აწიოკებული სამეგრელო და დაკარგული აფხაზეთი.

 

აღსანიშნავია, რომ „მხედრიონისა“ და კიტოვანის გვარდიის ლიდერები, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც აქტიურად უჭერდნენ მხარს ბიძინა ივანიშილის საპრეზიდენტო კანდიდატს - სალომე ზურაბიშვილს, ხოლო უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა, დღემდე ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად რჩება.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, ყოფილი „მხედრიონისა“ და კიტოვანის გვარდიის ვეტერანები, უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე არიან დასაქმებულნი, მათ შორის - ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურაში. საგულისხმოა, რომ ამავე სტრუქტურაში, ზვიად გამსახურდიას ერთგული გვარდიის, პრაქტიკულად, არც ერთი ვეტერანი არ არის წარმოდგენილი.

 

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, შესწავლილ იქნას სახელმწიფო სტრუქტურებში ე.წ. „მხედრიონის“ დასაქმების ხელშეწყობა ივანიშვილის მმართველობის პირობებში და სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურიდან, საჯარო ინფორმაციას გამოვითხოვთ. დაუშვებელია, დღეს ვეტერანის სტატუსს გვაყვედრიდნენ  ის ადამიანები, რომელთა ვეტერანობაც თბილისის დანგრევასა და სამეგრელოს აწიოკებაში გამოიხატება.