ვეხმაურებით მარნეულში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს და იმ გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის, ასევე მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავს.
ვიდრე გამოძიება არ ჩატარებულა, მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, თუ რომელი მხარე იყო პროვოკაციის ინსპირატორი-ძნელია, თუმცა მედიაზე თავდასხმა, ცალსახად ვაცხადებთ, რომ კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია.
გვინდა დავიტოვოთ იმედი, რომ გამოძიება კომპეტენტურად ჩატარდება და თავის სიტყვას იტყვის, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, ზოგადი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია 8 წლის შემდეგაც, კვლავ ძალადობის ფონზე მიმდინარეობს. სამწუხაროდ, დღემდე არ არის გამოძიებული წინა წლებში მომხდარი ინციდენტები, ასევე მოქმედი ხელისუფლება, კვლავ ინარჩუნებს ე.წ. „ზონდრებს“ და მათ დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართლებრივი კუთხით არ რეაგირებს, რაც ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობისა და პოლარიზაციის ფონს ქმნის.
ამავე დროს გვაქვს სერიოზული ვარაუდი, რომ ხელისუფლება ისევ საგანგებოდ ცდილობს წინასაარჩევნო კამპანიის გადატანას ორპოლუსიანი მიმართულებით. „ქართული ოცნების“ მთავარი მესიჯი ახლაც უცვლელია - „ნაცები მოდიან“.
საზოგადოებას კარგად ახსოვს ისიც, რომ წინა წლებში არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმის გამო, სააკაშვილის წინააღმდეგ კი გაჩნა ახალი დანაშაულის მტკიცებულებებიც, თუმცა გამოძიებით მიღებული შედეგები არავის უნახავს.
„თავისუფალი საქართველო“ ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს აღარ წამოეგოს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ანკესს.
ის, რაც დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ქვების სროლის პირდაპირი გაგებით ხდება, იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული და ევროპული სტანდარტებისგან ძალიან შორს დგას. ქვების სროლის „პოლიტიკა“ აბსოლუტურად ცდება ევროპულ ფასეულობებსა და ღირებულებებს, თუმცა იდენტურია აფრიკაში მცხოვრები ტომების ქმედებებთან, რომლებიც მოწინააღმდეგეებს ქვის სროლით უსწორდებიან და ქოლავენ.
„თავისუფალ საქართველოს“ მიაჩნია, რომ ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარებისთვის გამოსავალი, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია. ხალხმა ორივე ძალას უარი უნდა უთხრას და ხმის მიცემით, პატრიოტულ ძალას დაუჭიროს მხარი.