დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოენოვანი

რეკლამები კანონდარღვევით არის განთავსებული

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, არც თუ ისე იშვიათად ვაწყდებით სარეკლამო ბილბორდებს, რომელზეც წარწერები შესრულებულია მხოლოდ უცხოურ ენაზე, მაგალითად: ბარბერის, ვერონას, კასტელოს და „ციკოლიას“ ბრენდის საათის რეკლამები.  

აღნიშნულ საკითხზე, 27 ივნისს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა მაქაცარიამ ბრიფინგი გამართა.

რეკლამის განთავსების წესები ცალსახად და გარკვევით არის მოწერიგებული რეკლამის შესახებ კანონმდებლობით: „...რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე...“.  ამავე კანონის, 21 მუხლის თანახმად: „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე უცხოურ ენაზე. უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას“.

სამწუხაროა, რომ კომპანიები, რომლებიც კაპიტალს აგროვებენ საქართველოში, ელემენტარულ პატივს არ სცემენ ქართულ ენასა და ქართულ კანონმდებლობას, მითუფრო, რომ რეკლამის განთავსების წესების დაცვა არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ სირთულესა და შეფერხებას სუბიექტებისთვის.

მოვუწოდებთ ბიზნეს სექტორს, რომელიც საქმიანობს ჩვენს ქვეყნაში, პატივი სცეს და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა რეკლამის შესახებ, ვინაიდან ამ შემთხვევაში საკითხი შეეხება არა მხოლოდ კანონის ფორმალურ დარღვევას, არამედ საქართველოს სახელმწიფო ენის და მისი სტატუსის მიმართ დამოუკიდებულებას.

პარტია ყველა კომპანიას, რომელიც არღვევს საქართველოს კანონს და პროდუქციის რეკლამას განათავსებს მხოლოდ უცხოენოვანი წარწერით, წერილობით გაფრთხილებას გაუგზავნის, ხოლო თუ დარღვევა არ იქნება აღმოფხვრილი, „თავისუფალი საქართველო“ მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურებს შესაბამისი საჩივრით მიმართავს, რათა მოხდეს დამრღვევთა დაჯარიმება და სანქცირება კანონით დადგენილი წესით.