დღეს, პარტიის ლიდერები გურიის სოფელ შემოქმედში ჩავიდნენ, სადაც ქართული მეჩაიეობის დარგის განვითარებაზე ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად ისაუბრეს.
კახა კუკავას განცხადებით, საქართველოში განხორციელებული ლიბერალური პოლიტიკის საფუძველზე, უკვე ათწლეულებია, რაც ქვეყანაში, ეკონომიკის ნგრევა და სამუშაო ადგილების მასიური გაუქმება მიმდინარეობს.
„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ვიღებთ ვალდებულებას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მივმართავთ ინიციატივებით, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის იგულისხმება: იმპორტისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შეზღუდვა სხვადასხვა სამართლებრივი და ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, ასევე ადგილობრივი, ქართული წარმოების წახალისება სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებით, თუ პირდაპირი სუბსიდირების გზით. „თავისუფალი საქართველო“ ორგანიზებას გაუწევს ქართული პროდუქტების პოპულარიზაციის მხარდამჭერ ფართომასშტაბიან კამპანიას“,- განაცხადა კახა კუკავამ.
მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ქართული წარმოების განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ლიბერალური პოლიტიკის წინააღმდეგ დეკლარირებულად იბრძვის.
„საქართველოს ბაზარი იმპორტირებული პროდუქციით არის გაჯერებული. ჩაის ქვეყანაში, ადგილობრივი პროდუქცია იგნორირებულია, სამაგიეროდ მაღაზიის თაროებზე უხვად შევხვდებით უცხოური ქვეყნების ნაწარმს. ასეთი მიდგომა მოუღებელია. სახელმწიფომ, ადგილობრივი პროდუქციის განვითარებაზე უნდა იზრუნოს. იმედი მაქვს, 31 ოქტომბრის არჩევნებში აუცილებლად მოვიღებთ ამომრჩევლების მხარდაჭერას და საპარლამენტო მანდატებს მოვიპოვებთ, რის საფუძველზეც ჩვენი გუნდი, უკვე საკანონმდებლო დონეზე გაუწევს ქართულ მრეწველობას ლობირებას“,- განაცხადა კახა კუკავამ.