დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: რადიკალიზმი და პოლარიზაცია

არანაკლებ საშიშია საქართველოსთვის, ვიდრე პანდემია

სამწუხაროდ, საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებულმა კრიზისმა, მათ შორის სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების დაწესებამ ან არ დაწესებამ, ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის ზღვარს გადასული და ისტერიამდე მისული პოლემიკა გამოიწვია.

ე.წ „ლიბერალები“ ეკლესიას თავს ესხმიან, მას ათასგვარი სალანძღავი ტერმინით მოიხსენიებენ, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენ ვუყურებთ სოციალურ ქსელში ხელისუფლების (მისი ცალკეული სტრუქტურების მიერ) დაფინანსებულ, საბიუჯეტო ექსპერტებისა და ათასობით საბიუჯეტო ტროლის მეშვეობით წარმოებულ კამპანიას, რომლებიც ამორალური და ზღვარგადასული ტერმინებით ნებისმიერ განსხვავებულ აზრს ესხმიან თავს.

სამწუხაროდ, ამ დაპირისპირებაში ჩართული აღმოჩნდა ეკლესიის რამდენიმე წარმომადგენელიც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სასულიერო იერარქების უმრავლესობამ (მეუფე გერასიმემ, მეუფე დიმიტრიმ, მეუფე ანდრიამ, მეუფე გრიგოლმა და სხვებმა) ზომიერი, გაწონასწორებული პოზიცია დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა ქართულ პოლიტიკას 1992 წლიდან თან სდევს და მხოლოდ პადემიას არ გამოუწვევია. პოლიტიკურ სივრცეში (როგორც, ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში) უკვე დიდი ხანია დომინირებენ რადიკალები და ექსტრემისტები, რომელთა ამოცანაა: არა განსხვავებული აზრის კრიტიკა და მასთან დიალოგი, არამედ მოწინააღმდეგე ბანაკის სრული და უპირობო განადგურება.

ვფიქრობთ, რომ ეს ჩიხია და ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის განვითარებას უშლის ხელს. აუცილებელია, ქვეყნისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მართვა ხელში აიღონ ზომიერმა ძალებმა, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა განსხვავებულ ჯგუფებთან: ლიბერალებთან და კონსერვატორებთან, მემარცხენეებთან და მემარჯვენეებთან, მორწმუნეებთან და ათეისტებთან და ა.შ - დიალოგის წარმოებას და კომპრომისების მიღწევას.

მოვუწოდებთ ყველას, ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში ზომიერება და სიმშვიდე შევინარჩუნოთ.