დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: თადუმაძე სამარცხვინო

და სკანდალური კანდიდატურაა

პარტია „თავისუფალი საქართველო“ გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს სკანდალურ კანდიდატს უწოდებს და აცხადებს, რომ უმაღლეს ინსტანციაში მისი დანიშვნა დამატებით პრობლემებს შექმნის.

„განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის კანდიდატურას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და სკანდალური კანდიდატურაა, შემდეგი მიზეზების გამო. პირველი: ადამიანი, რომელმაც სულ ახლახან ჩაიბარა გენერალური პროკურორის პოსტი და განაცხადა სამომავლო გეგმების, რეფორმებისა და მასშტაბური ცვლილებების შესახებ, პროკურატურიდან მიდის ისე, რომ თავისი დაპირებების შესასრულებლად, მცირედი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს. ამ ფონზე, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება?! მეორე: ზოგადად, ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა, სადაც ყველაზე მეტი ჩავარდნაა, სწორედ სასამართლო და პროკურატურაა, რის გამოც უკვე ბოლო ერთი წლის მანძილზე, ხელისუფლების ლეგიტიმურობის მანდატი მთლიანად შეირყა.

უზენაეს სასამართლოში შალვა თადუმაძის დანიშვნა იქნება აბსოლუტურად შეუთავსებელი იმ კურსთან, რაც ახალმა ხელისუფლებამ 20 ივნისის შემდგომ წამოიწყო - ვგულისხმობთ ე.წ. საკადრო წმენდის კურსს. მისი უზენაეს სასამართლოში დანიშვნა ფართო საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევს და იმის დადასტურება იქნება, რომ ხელისუფლების მიერ 20 ივნისის შემდგომ გატარებული ცვლილებები, შინაარსობრივი ხასიათის კი არა, არამედ უფრო კოსმეტიკურია“, - აცხადებენ პარტიაში.

მათივე ცნობით, შალვა თადუმაძეს არაფერი გაუკეთებია, მათ შორის, არც პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამბობდა, ეს საქმე მან პირად კონტროლზე აიყვანა.

„მიგვაჩნია, რომ მართლაც სრულიად სკანდალური იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე, ანუ უმაღლეს იურიდიულ პოზიციაზე, იმ ადამიანის გამწესება, რომელსაც საბაზო იურიდიული განათლებაც კი არ აქვს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ფორმალური ხარვეზი - შალვა თადუმაძეს, პროფესიულ იურიდიულ წრეებში, არანაირი ავტორიტეტი და რეპუტაცია არ გააჩნია.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თადუმაძემ უკვე შექმნა ღრმა კრიზისი პროკურატურის სისტემაში და უზენაეს სასამართლოში, რომელსაც ისედაც არ აკლია სირთულეები, მისი დანიშვნა დამატებით პრობლემებს შექმნის. უნებურად გვახსენდება ქართული გამოთქმა, მცირედი განახლებით: „შალვა შინ არ ვარგოდა, სასამართლოში გარბოდა“, - აცხადებენ პარტია „თავისუფალ საქართველოში“.