„თავისუფალი საქრთველო“ ეხმაურება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმის საკითხზე მოლაპარაკებების ჩაშლას:
„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლისთვის: დაწყებული გასული წლის 14 ნოემბრიდან, როდესაც წინასწარ დადგმული ფარსის მოწყობით ჩააგდო პარლამენტში დაგეგმილი კონსტიტუციური რეფორმა, ასევე, მომდევნო თვეებში საკითხისადმი ცინიკური და აგრესიული დამოკიდებულებით, როცა მმართველი გუნდი, ოპოზიციის შეთავაზებების რეალური განხილვის ნაცვლად, ყველანაირად ცდილობდა პროცესის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანას.
შედეგად, შექმნილია ვითარება, როდესაც მოლაპარაკებების პროცესი შეწყვეტილია, ოპოზიციის ერთი ნაწილი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება, პარალელურად სრულიად აშკარად ჩანს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის ნიშნები, ხოლო ხელისუფლება ამ პროცესებზე ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს.
ორ მტრულად გაყოფილ ბანაკს შორის პოლარიზაციის ზრდის და ძალადობის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პოლიტიკურ პროცესში ახალი კონსტრუქციული ინიციატივების გაჩენა. ამ თვალსაზრისით, უაღრესად პოზიტიურად გვესახება საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წინადადება და მზად ვართ, მათთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად გავარძელოთ ჩიხიდან გამოსავლის გზების ძიება.
საბოლოო ჯამში, აუცილებელია შეჯერება მოხდეს ისეთ სარჩევნო მოდელზე, რომელიც ასახავს საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის ინტერესს, რათა, ერთის მხრივ მომავალ არჩევნებზე მოხდეს ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი, ხოლო, მეორეს მხრივ - საბოლოოდ გამოირიცხოს სამომავლოდ ქვეყანასი ავტორიტარული მმართველობის დამყარების შესაძლებლობა.“