დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: გარკვეული ჯგუფები აღდგომის აღნიშვნის

საკითხზე პანიკას ხელოვნურად თესავენ

ბოლო პერიოდში აქტიური პოლემიკა მიმდინარეობას მართლმადიდებლურ ეკლესიებში ღვთისმსახურების შეზღუდვის საკითხზე. აღნიშნულს „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია ეხმაურება:

„სამწუხაროდ, ზოგიერთი ჯგუფების მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, პანდემიის მომიზეზებით საზოგადოებაში დათესონ პანიკა და გაავრცელონ მოსაზრებები, თითქოს ინფექციის გავრცელების მთავარი წყარო ქვეყანაში მართლმადიდებლური ეკლესიაა. რეალურად, როგორც ფაქტები ადასტურებს, ამ პოზიციას არ აქვს არანაირი მყარი საფუძველი და ის უფრო ხშირად ლიბერალების ფანტაზიის ნაყოფია, ვიდრე ლოგიკური განსჯის შედეგი:

მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ, ეკლესიებში პრაქტიკულად არ შეჩერებულა წირვა-ლოცვა და არ შეცვლილა ზიარების წესი, დღემდე ვირუსის გავრცელების არცერთი შემთხვევა არ უკავშირდება მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას. ამის საპირისპიროდ, გვაქვს ბანკების, სავაჭრო ობიექტების და სხვა ე.წ. „კლასტერები“, თუმცა არავის მოსვლია აზრად ეთქვა, რომ მაგალითად ბანკებმა უნდა შეაჩერონ კლიენტების მომსახურეობა.

ეს ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ ეკლესიებში ბევრად უკეთაა დაცული პანდემიის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, ვიდრე სხვა საერო დაწესებულებებში. შესაბამისად, არანაირი საფუძველი პანიკისა არ არსებობს, მითუფრო, რომ ქართულმა ეკლესიამ მიიღო დროული და ეფექტური გადაწყვეტილებები, როგორიცაა სოციალური დისტანციის დაცვა ღვთისმსახურებისას და ა.შ.

ეკლესიის პოზიციის გამოცხადებამდე კი, მოვუწოდებთ ყველა ჯგუფს, თავი შეიკავოს ამ ისედაც მძიმე პერიოდში, ხელოვნურად ვითარების კიდევ უფრო დრამატიზებისგან, რაც აზიანებს საზოგადოების, როგორც საერო, ისე სულიერ მოთხოვნილებებსა და ინტერესებს“ - აცხადებს შოთა მაქაცარია.