7 თებერვალს, თბილისში, დადიანის გამზირზე წულუკიანის უწყება, მევახშესთან ერთად, 8 აგვისტოს ომის მონაწილე მარიამ კაკიაშვილის გამოსახლებას გეგმავდა.
ვეტერანი ქალბატონი 3 შვილთან ერთად ცხოვრობს. მან მევახშისგან 16 000 აშშ დოლარი ისესხა და ვალდებულებას 1 წლის მანძილზე კეთილსინდისიერად ასრულებდა. ოჯახი ამჟამადაც მზად არის, რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, გადაიხადოს ვალის დარჩენილი ნაწილი, თუმცა მევახშე მარტოხელა დედისგან 25 000 დოლარის ერთბაშად გადახდას ითხოვს.
აღსრულების ადგილას დილიდან შეიკრიბნენ კაკიაშვილების ოჯახის გულშემატკივრები, მეზობლები, უბნელები, ასევე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. საზოგადოების აქტიურობის შედეგად, აღსრულების პოლიციამ დაგეგმილი გამოსახლება შეაჩერა, რის შემდეგად მხარეებს შორის გაიმართება მედიაციის პროცესი ვალის რესტრუქტურიზაციის (გადანაწილების) საკითხზე. „თავისუფალი საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს მედიაციის პროცესში, სადაც მოვალის ინტერესებს წარმოადგენს.