პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიესალმება Facebook-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული იმ ანგარიშების გაშუქების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში სიძულვილს და შუღლს აღვივებენ.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, ეს უკვე მეორე მასშტაბური დაბლოკვაა. საერთო დაანგარიშებით, მმართველი პარტიის სალაროდან ამ მიმართულებით, ყოველწლიურად მინიმუმ 1 მილიონი დოლარი იხარჯება. ამავე სისტემაში ჩართულია, პრაქტიკულად მთელი საჯარო სამსახური, რომელსაც მმართველი პარტიის პრეს-სამსახური ყოველდღიურად უგზავნის, როგორც სარეკლამო, ასევე სიძულვილის შემცველ მესიჯებს და ავალდებულებს მათ ყოველდღიურ რეჟიმში გაავრცელონ ხელისუფლებისთვის სასურველი მესიჯები.
ხშირ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული წევრები და საჯარო მოსამსახურეები ეწევიან ცალკეული პოლიტიკოსების ბულინგს (მათ შორის: სექსუალური შინაარსის), რაც მათი ოჯახის არასრულწლოვანი წევრების მიმართაც ხორციელდება.
სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ყოველივე ეს ხორციელდება „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ცალკეული პირებისა და ჯგუფების მიერ და რომ ამ პროცესს ორგანიზებას უწევს უშუალოდ მმართველი პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა.
„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში უნდა დადგეს შესაბამისი პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ შორის Facebook-ის ადმინისტრაციას, მივაწვდით ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ საჯარო მოსამსახურეებს/მმართველი პარტიის წევრებს, რომლებიც ზემოაღნიშნულ საქმიანობას ეწევიან, რაც ერთის მხრივ ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დაძაბვას, ხოლო მეორეს მხრივ ძალიან შორს დგას მორალისა და ეთიკის ელემენტარული სტანდარტებისგანაც კი.