ბოლო პერიოდში გამოითქვა უამრავი მოსაზრება, თუ როგორც უნდა მოხდეს პანდემიით გამოწვეული უზარმაზარი ეკონომიკური ზიანის ლიკვიდაცია. მათ შორის, სახელისუფლებო პარტიასთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ექსპერტებისგან გაჟღერდა ინიციატივა მარიხუანას ლეგალიზაციის აუცილებლობაზე. საკითხს „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ ომანიძე ეხმაურება:
„მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვიაზრებთ იმ მძიმე ეკონომიკურ შედეგებს, რის წინაშეც დადგება ქვეყანა პანდემიის შემდგომ პერიოდში, მიგვაჩნია, რომ ამგვარი ინიციატივების განხილვაც კი დაუშვებელია.
უპირველესად, არასწორი და მცდარია ის ეკონომიკური არგუმენტი და მოლოდინები, რასაც გვთავაზობენ მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეები: მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ეს პროდუქტი არალეგალურია, რაც ამ ქვეყნებში მის ექსპორტს გამორიცხავს, ხოლო სადაც მისი გამოყენება (მ.შ: სამედიცინო მიზნით) დაშვებულია, იქ უკვე არსებობს ჩვენზე ბევრად განვითარებული და მასშტაბური მეურნეობები. ამდენად, მარიხუანას ლეგალიზაციას, არათუ არსებითი, მნიშვნელოვანი ეფექტიც კი ვერ ექნება საქართველოს ეკონომიკაზე.
ამასთან, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რა გავლენის მომხდენია ნარკოტიკებს თავისუფალი მიმოქცევა სახელმწიფოს ცხოვრებაზე, რაც უკავშირდება ქვეყანაში ნარკო-კარტელების გაჩენას, ორგანიზებულ კრიმინალს, რასაც თან სდევს ისედაც დასუსტებული სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა და ჩამოშლა. სწორედ ეს გამოცდილება დააგროვა ჩვენმა ქვეყანამ 90-იანი წლების კრიზისის დროს და რა საკვირველია, ილუზია, რომ ნებადართული ნარკო-ბაზარი მხოლოდ ე.წ. „სამედიცინო მარიხუანას“ კულტივაციას მოემსახურება - არავის უნდა ჰქონდეს.
„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქვეყნა მართლაც დგას ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე, საკითხს სჭირდება ასეთივე სერიოზული გააზრება და სწორი ანტიკრიზული გეგმა. ამდენად, ვიმედოვნებთ, მთავრობის მხრიდან მსგავსი არაადექვატური და უპასუხისმგებლო ინიციატივები განხილულიც კი არ იქნება“ - აცხადებს თენგიზ ომანიძე.