დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: პედაგოგთა

უფლებები ისევ ირღვევა

დღეს „თავისუფალი საქართველო“-ს ოფისში პედაგოგთა უფლებების დაცვის მიზნით, საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

ბრიფინგს, პარტიის ლიდერის კახა კუკავას გარდა, განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილიც ესწრებოდა. მათი განცხადებით, განათლების სისტემაში მომუშავე მასწავლებლებს მასობრივი უმუშევრობა ემუქრებათ.

როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ითქვა, ა.წ. 26 ივნისს,  მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმადაც ე.წ. პრაქტიკოსი  მასწავლებლის სტატუსი უქმდება, რაც საერთო ჯამში განათლების სისტემაში დაახლოებით 13 000 პედაგოგის უმუშევრობას გამოიწვევს. გარდა ამისა,  პრაქტიკოს პედაგოგების ნაწილს, გამოცდებზე რეგისტრაციის საშუალება არ ეძლევათ, რომელთა რაოდენობა ბრიფინგის მონაწილეთა განცხადებით, უკვე  1 500 მასწავლებლამდე გაიზარდა.

„დროთა განმავლობაში განათლების სფეროში კორუფციული ნიშნები სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. დაიწყო ე.წ კვლევები,  ამ სტატუსის მისაღებად კი, უკვე ცნობილია ერაერთი ფაქტი, როდესაც კვლევას სხვა პირი ატარებს, ხოლო ამავე კვლევის შედეგებით სულ სხვა მასწავლებელი სარგებლობს. რაც განათლების სფეროში არსებულ კორუფციული გარიგებების კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს „ - აღნიშნეს გამომსვლელებმა .

მათთვის ასევე გაუგებარია ის განსხვავება, რომელიც განათლების სამინისტროს სისტემაში შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებობს.

„პედაგოგებს, უმნიშვნელოდ რომ გაეზარდოთ ხელფასი, მათ ამისთვის უამრავი ბარიერი უნდა გადალახონ, მაშინ, როდესაც მასწავლებელთა სახლებსა და განათლების სამინისტროს მიერ დაქვემდებარებულ       სსიპ-ებში გაცილებით მაღალი ხელფასებია, თანაც ყოველგვარი აუცილებელი მაღალი აკადემიური სტანდარტების მოთხოვნების  გარეშე.

ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას  აღნიშნული დადგენილების საპარლამენტო არჩევნებამდე შეაჩეროს, რომელიც განათლების სისტემის ანტირეფორმის სრული განსახიერებაა“. - ითქვა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

ჟურნალისტებთან შეხვედრის დასასრულს „თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერმა  კახა კუკავამ განაცხადა, რომ „საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, განათლების სისტემაში, უნდა დაიწყოს ყველა იმ მანკიერი გამოვლინების გადახედვა, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო“.