ზაირა ღუდუშაური, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი (მოწვეული)
მეცნიერების - ა. ტომპსონის და ა. სტრიკლენდის მიერ შექმნილ 700 გევრდიან „სტრატეგიული მენეჯმენტის“ სახელმძღვანელოში პირველივე თავს - „სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესი“ - ასეთი ეპიგრაფი აქვს წამძღვარებული:
„ჩეშერულ კატას ეკითხება ალისა: თუ შეიძლება მირჩიეთ, როგორი გზით უკეთესია აქედან გამოსვლა? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ თქვენ სად გინდათ რომ მოხვდეთ“, - უპასუხა კატამ“.
ამ ეპიგრაფში არ ჩანს, თუ სად მოხვდნენ ერთად კატა და ქალბატონო ალისა. მაგრამ დასმული კითხვა თვითონ გვეუბნება, რომ ისინი სადღაც უცხო ადგილას (მღვიმე, გამოქვაბული და სხვა) მოხვდნენ და ალისამ არ იცოდა, როგორც გამოსულიყო იქიდან.
ეს ეპიგრაფი, წინამდებარე სტატიასაც მოუხდება, თუ ალისას როლში წარმოვიდგენთ საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით მის ეკონომიკურ გუნდს, რომელიც ან ვერ აცნობიერებს, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისშია, ან აცნობიერებს, მაგრამ არ იცის, როგორ გამოვიდეს იქიდან.
გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ (#30. 2021 წ.) ქართველი ქალბატონი გულნარა სტურუა წერს: „შეწუხებული კი არა, შეძრწუნებული ვარ ჩემს სამშობლოში არსებული მდგომარეობით. ერთხანს თავს ვიკავებდი ფიქრისგან, მაგრამ ფიქრი და აზრი ჩემს ნებას უკვე აღარ ემორჩილებაო...“ იგივე მდგომარეობაში ვარ მეც და კიდევ რამდენი ადამიანია ალბათ, ჩემს მდგომარეობაში.
ქალბატონ გულნარა სტურუას გაბედულებამ გამაბედვინა მეც, რომ ჩემი აზრი გამომეთქვა ქვეყანაში შექმნილ დღევანდელ მდგომარეობაზე, რომელსაც ამ ქალბატონმა „მეტისმეტი გაუგებრობა“ უწოდა.
ეს გაუგებრობა ქვეყნის ხელისუფლებმა შექმნეს - ძველებმაც და ახლებმაც. პირველმა დამოუკიდებლობის მოპოვებას შესწირა თავი, მეორემ - „ბოლშევიკურ“ საბაზრო ურთიერთობებს, მესამემ - ევრო-ამერიკული პოლიტიკის ტრანსფერს საქართველოში, მეოთხე კი - შუაზეა გახლეჩილი რუსეთსა და ევრო-ამერიკას შორის. აი, ასე მოვედით დღემდის და გვჭირს ის, რასაც ქალბატონმა გულნარა სტურუამ მეტად შესაფერისი სახელი - „მეტისმეტი გაუგებრობა“ უწოდა.
მე, ერთი რიგითი ქართველი მოქალაქე ვსვამ ასეთ კითხვას: „როდემდის გაგრძელდება საქართველოში ეს „მეტისმეტი გაუგებრობა“, როდემდის?“
30 წელია დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, 30 წელია ვადგევართ საბაზრო ეკონომიკის გზას, ოთხჯერ მთავრობა გამოვიცვალეთ, ამდენიჯერვე პრეზიდენტები და პრემიერ მინისტრები, მაგრამ საქაართველოს განვითარება და მისი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ყოველ წელს შეუსრულებელ დაპირებებად რჩება.
გვინდოდა ჩვენ ასეთი დამოუკიდებელი საქართველო?
გვინდოდა ჩვენ ასე გამათხოვრებული ქართველები?
რაო-რაო, რა მიპასუხეთ, ჩეშერულ კატას ვერ მივაგენითო? ვერც მიაგნებთ, რადგან ეგ ავტორის წარმოსახვაა, ბრძენი, გონიერი კაცის მხატვრული გარდასახვაა ჩეშერულ კატად. არ იხამუშოს არავინ, არც იმ ბრძენ, გონიერ, ნიჭიერ, კრეატულმა ადამიანებმა, რომლებიც უდავოდ მრავლად გვყავს საქართველოში, და, არც სხვამ. არ უნდა იხამუშონ იმიტომ, რომ რადგან მოგვეწონა კაპიტალიზმი და მისი შესაბამისი საბაზრო ეკონომიკა, ამ ეკონომიკის „მამები“ (პორტერი და სხვები) უბოდიშოდ იყენებენ ისეთ ეპითეტებს, როგორიცაა „წურბელები“ (ხარჯიანი კომპანიები), „მეწველი ძროხები“ (შემოსავლიანი კომპანიები) და მათი აზრით, არავის ამით შეურაცხყოფას არ აყენებენ; მოცემულ შემთხვევაშიც დასახელებული სახელმძღვანელოს ავტორებმა - ტომპსონმა და სტრიკლენდმა გონიერი ადამიანი ჩეშერულ კატად გარდასახეს და მას ათქმევინეს ის სწორი პასუხი, რაც ალისას კითხვას უნდა გასცემოდა.
ახლა მე მგონი მიმიხდვით, რისი თქმაც მინდა. ჰოდა თუ მიმიხვდით, განა ერთი და ორი გვყავს მართლაც გონიერი მეცნიერ-ეკონომისტი, რომლებისთვისაც საქართველოს მთავრობას უნდა ეკითხა როგორ ამოსულიყო იმ ჭაობიდან, რომელშიც საბჭოთა სისტემის დაშლის შედეგად ჩავარდა?
ამ რამდენიმე თვის წინ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა ერთ-ერთმა პარლამენტარმა ტელევიზორში განაცხადა: „რამოდენიმე კაცი ჩაიკეტება ოთახში და ასე იღებენ გადაწყევტილებებსო“. კი ბატონო, ამაზეც თანახმა ვართ, ჩაიკეტონ, თუ ეს „ჩაკეტილი“ ადამიანები არიან სტრატეგიულად მოაზროვნე სახელმწიფო მოხელეები. მაგრამ ისმება კითხვა: გვყავს ჩვენ საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ასეთი აზროვნების ადამიანები? და თუ გვყავს, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ვინ არიან ისინი,რადგან უნდა შევეკითხოთ - რამდენი წლის მერე აპირებენ საქართველოში მოსახლეობის სიღარიბის დაძლევას?
ყველამ ვიცით „კორეის სასწაული“, „სინგაპურის სასწაული“ და დღეს, ჩვენ თვალწინ მიმდინარე - „ჩინეთის სასწაული“. ალბათ, იქაც მოხდებოდა მთავრობის წევრების მხრიდან ზოგიერთ შემთხევებში „ოთახში ჩაკეტვა“ და რაღაცა გადაწყვეტილებების გუნდური ან შეიძლება ინდივიდუალური მიღებაც კი, მაგრამ, ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ სახელმწიფო აზროვნების მქონე მთავრობის მეთაურები - პაკ ჩონ ხი (კორეა), ლი კუან იუ (სინგაპური), სი ბზინი და ლი კეციანი (ორივე ჩინეთიდან). უფრო კონკრეტულად, სამხრეთ კორეის სასწაულს გაგახსენებთ. ყველამ კარგად იცით, რომ ე. წ. „კორეის სასწაული“ განაპირობა „კორეის ინოვაციურმა სასწაულმა“ (ქართულ სასწაულსაც, რომელიც იმედს გამოვთქვამთ, რომ შედგება, სწორედ ინოვაციური მოდერნიზაცია უნდა დაედოს საფუძვლად). სამხრეთ კორეის მაშინდელმა პრეზიდენტმა პაკ ჩონ ხიმ, რომელსაც დღეს, ამ ინოვაციური რეფორმის „მამას“ უწოდებენ, დაინახა რა, ის მდგომაროება, რომ მხოლოდ რეგულირების ინსტრუმენტით კორეის კერძო სექტორს და მის მეწარმეებს ქვეყნის ინოვაციური გარდაქმნით ვერ დააინტერესებდა, მან ცალკეულ ბიზნესმენებს, რომლებიც ძირითადად, ვაჭრობაში ფუნქციონირებდნენ, და, რომლებშიც ხედავდა ინოვაციური გარღვევის უნარს, დაუსვა ამოცანა, რომ მათ ხელი მოეკიდათ ელექტრომრეწველობის, მანქანათმშენებლობის, გემთმშენებლობის და ქვეყნის აღორძინებისთვის საჭირო სხვა წარმოებებისთვის და ამის სანაცვლოდ, სახელმწიფოს მხრიდან დიდ მხარდაჭერას დაპირდა [1]. ჩვენთვის არ არის ცნობილი, ეს „ამოცანების დასმა“ მან დამოუკიდებლად გადაწყვიტა, გუნდთან ერთად, თუ ქვეყნის მეცნიერებთან ერთდ. არც ის თუ ამ ამოცანების შესრულება თხოვნა იყო თუ ბრძანება, ან რას დაპირდა მათ ისეთს პრეზიდენტი, რომ მათ მართლაც მიატოვეს ვაჭრობა, შექმნეს მსხვილი სამრეწველო-საფინანსო ჯგუფები (ე. წ. „ჩებოლები“), მოექცნენ ხელისუფლების პატრონაჟის ქვეშ და სამხრეთ კორეაში განახორციელეს ის, რასაც დღეს „კორეის სასწაულს“ ვუწოდებთ (1960 წელს კორეა ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ეხლა კი, სამხრეთ კორეა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით მე-12 ადგილზეა მსოფლიოში, ერთ სულ მცხოვრებზე გაანგარიშებით კი, 29-ე ადგილზე [2, გვ. 77]).
მთელ რიგ შემთხვევებში იგივეს აკეთებდა ლი კუან იუ სინგაპურში. იგივე ხდება დღეს ჩინეთში. ჩინეთმა მთელ მსოფლიოში გაფანტული ჩინელები, რომელთაც საზღვარგარეთ მიიღეს განათლება და იქვე მუშაობენ, შეკრიბა, ჩამოიყვანა ჩინეთში და ჩინურ კომპანიების მენეჯერებად დანიშნა. ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა - ლი კეციანმა და კომპარტიის გენერალურმა მდივანმა - სი ბზინმა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს. იგივე ხდებოდა სინგაპურში. სინგაპურის მაშინდელი პრემიერ მინისტრი ლი კუან იუ თავის წიგნში - თვითონვე ამბობს: „ჩვენ მოვახერხეთ გვეიძულებინა ხალხი, უარი ეთქვათ „მესამე სამყაროს“ მკვიდრთა ჩვევებზე“ [3, გვ. 42]. როგორ ფიქრობთ, რამდენი კაცი იქნებოდა ეს „ჩვენ“, ალბათ, თვით პრემიერ-მინისტრი და რამდენიმე კაციანი მისი გუნდი.
ეს ღონისძიებები სამხრეთ კორეამაც, სინგაპურმაც და ჩინეთმაც, ფაქტიურად, ჩვენს მდგომარეობაში დაიწყეს და გაატარეს (სიღარიბე, ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა, რესურსების დეფიციტი, შემოსავლების განაწილებაში დიდი უთანსწორობა და ამასთან, მკაცრი კონკურენტული გარემო) [4]. მეცნიერები წერენ, რომ ქვეყანაში, რომელიც ინოვაციური ეროვნული პოლიტიკის შექმნას და გატარებას (მით უფრო თუ ეს პოლიტიკა არის გარღვევის პოლიტიკა) პრაქტიკულად, ნულოვანი დონიდან იწყებს, შეუძლებელია მისი წარმატებით გატარება სახელმწიფო დირიჟმის გაძლიერების გარეშე [1]. უცხო სიტყვათა ლექსიკონში სიტყვა „დირიჟმი“ განმარტებულია, როგორც მართვის ავტორიტარული, მბრძანებლური სტილი. ძნელია იმის თქმა, მოვუწონოთ თუ დავუწუნოთ სამხრეთ კორეის ხელისუფალს ინოვაციური რეფორმის გატარებაში მის მიერ გამოყენებული დირიჟმი, იმ პირობებში, როცა ყველგან და ყველა დონეზე ვაკრიტიკებთ ავტორიტარულ რეჟიმს, ანუ სახელმწიფოს ჩარევას კერძო სექტორის შინაგან საქმეებში და ვთვლით, რომ ამას ბაზარი დაარეგულირებს, მაგრამ ხომ არის სიტუაციები, როცა „ბაზარი აგვიანებს ამის განხორციელებას“, ქვეყანას კი, ეს წამალივით სჭირდება. ასეთ მდგომარეობაში იყო მაშინ კორეა, ასეთ მდგომარეობაშია დღეს საქართველოც.
ჩვენ მრავლად გვყავს ასეთი კორეისდარი პოტენციური „ჩებოლები“, და ჩინელების დარად მსოფლიოში გაფანტული ნიჭიერი ქართველებიც, რომლებიც ერთობლივი საქმიანობით მართლაც მოახდენენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში გარღვევას, მაგრამ რაც მთავარია, არ გვყავს პაკ ჩონ ხის, ლი კეციანის და ლი კუან იუს დარი ხელისუფალნი, რომელთაც დღეს საქართველოს ბიზნესსექტორში წინა პლანზე მდგარი მეწარმეები, მენეჯერები, და გნებავთ მეცნიერებიც, მოუსმენენ, დაუჯერებენ, დაენდობიან და მტკიცე ნებისყოფის გამოჩენით, ერთ გუნდათ შეკრულნი, მოახდენენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, მისი რესტრუქტურიზაციას.
საქართველოს ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის საჭიროებაზე და მასში საწარმოო სექტორის პრივილეგიური მდგომარეობის აუცილებლობაზე ხშირად წერდნენ ქართველი მეცნიერი-ეკონომისტები, მაგრამ კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის შემდეგ, ამ სფეროს უპირატესი განვითარების და მისი მეშვეობით იმპორტჩანაცვლების მოწოდებები უფრო აქტიურად გაისმის. მეცნიერებმა გაიცნობიერებს, რომ ქვეყნები, საიდანაც ჩვენ სასურსათო საქონლის 80% შემოგვაქვს, პანდემიის გამო, დაიწყებენ საკუთარი ხალხისთვის მარაგების შექმნას და ექსპორტს შეამცირებენ. ეს ფაქტები საქართველოს მედიაშიც კი გაისმა. გაზეთ „ალია“-ს მეშვეობით ჟურნალისტი ანი დვალიშვილი გვამცნობს, რომ „რუსეთის შიდა ბაზარზე 39%-ით გაძვირდა წიწიბურა და იქაურმა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ოფიციალურად აკრძალა წიწიბურის ექსპორტი. რუსეთმა ქვოტა დააწესა ხორბლის გატანაზეც.. საკვები პროდუქტების გატანაზე ქვოტებს ნელ-ნელა ყველა დიდი სახელმწიფო აწესებს, მათ შორის, ამერიკა, გერმანია, საფრანგეთი. ისინი კარგად ხვდებიან, რომ მაქსიმუმ წლის ბოლოს, საკვები პროდუქტები ძალიან გაძვირდება და ამიტომ შიდა მარაგებს ქმნიან. საქართველოში კი შიდა მარაგის შექმნა კი არა, „მოსახლეობა, რაც იღეჭება, ლამის ყველაფერს ჭამს“... [5, გვ. 9].
ასეთ დროს, ქვემო ქართლში, კერძოდ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანში 700 ტონა კარტოფილი გლეხებს უფუჭდებოდათ (მათ ხომ მაცივრები არა აქვთ) და იხვეწებოდნენ 30 და 40 თეთრად გაყიდვას, რომ ხარჯები მაინც აინაზღაურონ. აბა დავითვალოთ, რამდენი ასეთი სოფელია ქვემო ქართლში და რამდენი ასეული ტონა კარტოფილი გაფუჭდა ან ხვალ-ზეგ გაფუჭდება?
საქართველოში კი გენმოდიფიცირებული კარტოფილი თურქეთიდან შემოდის (2021 წლის იანვარ-მარტში 2,9 მლნ დოლარის კარტოფილი შემოსულა). ჯარიც იმას ჭამს, ციხის „მდგმურებიც“ და ჩვენი მოსახლეობაც. ამის შესახებ, რა თქმა, უნდა ინფორმირებულია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, და აი, მაშინდელი მინისტრის პასუხი: „სახელმწიფო საბაზრო პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. ჩვენ ისინი დავაკავშირეთ ექსპორტიორებთან და თვითონ მოილაპარაკონო“. ეს ქვემო ქართლის მეკარტოფილეებს ეხება. ასეთ დროს, ხომ გასაგებია, რასაც იზამენ ექსპორტიორები, ისინი არა თუ 30 თეთრზე, არამედ 10 თეთრზე ჩამოაგდებენ ფასს, გლეხებს კი, რა მეტი გზა ექნებათ - „ყვავს კაკალი გააგდებინეო...“ ექსპორტიორები კი ამ ახალქალაქის არაგენმოდიფიცირებულ ბიოკარტოფილს საზღვარგარეთ გაიტანენ და ერთ დოლარზე ძვირად გაყიდიან.
ქვეყანაში სახელმწიფო მმართველობა მოსახლეობის ინტერესების შემსრულებლად და დამცავად იქმნება. როცა ქვეყანაში კრიზისია, თუნდაც იგი ჭარბწარმოების კრიზისი იყოს, შეიძლება სოფლის მეურნეობის მინისტრის მხრიდან ასეთ განცხადების გაკეთება? ასეთი განცხადება გააკეთა 1929-33 წლების კრიზისის დროს, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა? 1929-33 წლებში, აშშ-ში განვითარებული ჭარბწარმოების კრიზისის დროს, რუზველტი რომ არ ჩარეულიყო ბიზნესის ე. წ. „შინაგან საქმეებში“, კაპიტალისტური სისტემა საბოლოოდ იღუპებოდა. რუზველტმა და მისმა გუნდმა უნივერსიტეტების ცნობილი პროფესორებისგან სწრაფად შექმნეს ე. წ. „ტვინების ცენტრი“ და მათი მითითებებით დაიწყეს „ახალი კურსის“ სახელით ცნობილი ახალი ეკონომიკური პოლიტიკის („New Deal“) ცხოვრებაში გატარება, რომელიც ორიენტირებული იყო მოხმარების მოცულობის გაზრდაზე, რომელსაც აუცილებლად სჭირდებოდა მსყიდველობითი უნარიანობის ამაღლება. ამ მიზნით, მილიონიანი უმუშევრების დასაქმება იყო საჭირო. უმუშევარი ახალგაზრდობა დაასაქმეს საზოგადოებრივ საქმეებზე - ტყეების და მდინარეების გაწმენდაზე, გზების გასუფთავებაზე და მრავალი სხვა. მიიღეს კანონი „სოფლის მეურნეობის რეგულირების შესახებ“ („Agricultural Adjustment ACT“), რომლის ძალითაც, ფერმერები შეამცირებდნენ ნათეს ფართობებს და პირუტყვის სულადობას, რომ ფასები დაბრუნებოდა თავის პირვანდელ დონეს და სახელმწიფოსგან ისინი მიიღებდნენ კომპენსაციას. 1933 წელს, მიიღებს კანონი „მრეწველობის აღდგენის შესახებ“ („National Industrial recovery ACT“), რომლითაც დამტკიცდა მინიმალური საათობრივი ხელფასი და მაქსიმალური სამუშაო კვირა [6, გვ. 201] და სხვა მრავალი.
როგორ ფიქრობთ, ამ ღონისძიებების გატარება არ იქნებოდა კერძო ბიზნესის შინაურ საქმეებში ჩარევა? მოეწონებოდათ მეწარმეებს მინიმალური საათობრივი ხელფასის დაწესება, თუ ბანკებს სესხებზე მაქსიმალური პროცენტის დაწესება? რა თქმა უნდა, კერძო მეწარმეები ეწინააღმდეგებოდნენ რუზველტს, მაგრამ აი, მისი პასუხი: „შიმშილი საკამათო თემა არ არის“.
„თვითრეგულირებადი ბაზარი, - წერს პროფესორი ა. მექვაბიშვილი, - მზარდი ექსპანსიურობით გამოირჩევა. იგი ცდილობს საკუთარი ფუნქციონირების ფუნდამენტური პრინციპებისა და მექანიზმების სოციუმის ყველა მხარეზე გავრცელებას, მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების კონტროლქვეშ მოქცევას. ასეთ პირობებში სახელმწიფომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემო საბაზრო ძალების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მეორე მხრივ, კი, საზოგადოება უნდა დაიცვას საბაზრო ფინანსურ-ეკონომიკური დიქტატისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს თვით ბაზრისა და მთელი საზოგადოების „საყრდენი სვეტის“ ჩამოშლის რეალური საფრთხე... სახელმწიფოს როლი და მისი სუვერენიტეტი გლობალიზაციის პირობებში კი არ ქრება, არამედ, მნიშვნელოვან მოდიფიცირებას განიცდის... თანამედროვე სახელმწიფო ადგილს იკავებს არა ბაზრის „გვერდით“, ან „ზევით, არამედ ორგანულადაა ჩართული საბაზრო სისტემაში. იგი ბაზრის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და მოწოდებულია მინიმუმამდის დაიყვანოს საბაზრო ჩავარდნები... წარსულს ჩაბარდება დიქტატორული აზროვნება: ბაზარი ან სახელმწიფო, რეგულირება ან დერეგულირება, ლიბერალიზმი ან „დირიჟზმი!“ და იგი შეიცვლება მათი სინთეზით. საყოველთაოდ გაცნობიერდება ის ჭშმარიტება, რომ მხოლოდ სახელმწიფოს „ხილულ ხელისა“ და „ბაზრის უხილავი ხელის“ სიმბიოზი იძლევა სასურველ შედეგს, უზრუნველყოფს გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის სტაბილურ ზრდას“ [7, გვ. 232-233].
მართალია, პატივცემული მეცნიერი თავის ამ შეხედულებებს მომავლისთვის აფიქსირებს, მაგრამ რა გვიშლის ხელს დღესვე გამოვიყენოთ ეს მექანიზმი, როცა აშკარად ვხედავთ საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესების უგულებელყოფას (მოცემულ შემთხვევაში ახალქალაქის მეკარტოფილეები მყავს მხედველობაში, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, ხვალ თუ არა ზეგ - მოცვის რეალიზაცია გაძნელდება, მაზეგ - ყურძნის და ა. შ.).
საქართველოს უნივერსიტეტებში მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებს ვასწავლით, რომ კომპანიის მენეჯერებმა უნდა გაიზიარონ „საუკეთესო პრაქტიკის“ მქონე კომპანიების გამოცდილება. ასეთი „საუკეთესო პარქტიკა“ არამხოლოდ კომპანიებს აქვთ, არამედ, ქვეყნებსაც. მსოფლიოში მათ შორის პირველ ადგილზე აშშ დგას. რა გვიშლის ხელს გავიზიაროთ კრიზისიდან გამოსვლის აშშ-ს გამოცდილება? მტკიცედ გვჯერა, რომ ქართველი მეცნიერ-ეკონომისტები არ დაიზარებენ „ტვინების ცენტრის“ ჩამოყალიბებას, და, იქიდან საქმიანი რეკომენდაციების მიცემას საქართველოს მთავრობისთვის.
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით 2020 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 18,5%-ია, ერთ მილიონ ადამიანზე მეტი სოციალურ შემწეობაზეა რეგისტრირებული (აქედან, 532 ათასი იღებს მინიმალური სიდიდის სოციალურ შემწეობას), აბსოლუტური სიღარიბე 19,5%-ია, შეფარდებითი - 27,5% (მ. შ. მედიანური მოხმარების 60%-ის ქვევით - 20,1%, 40%-ის ქვევით - 7,4%), ერთი მილიონი ადამიანი უმუშევრობის და სიღარიბის გამო, ემიგრაციაშია წასული, და, ალბათ, მშობელი ქვეყნისთვის საბოლოოდ დაკარგული. რა ჰქვია ამას, თუ არა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი?
ასეთ პირობებს საქართველოს მთავრობამ სათანადოდ ვერ უპასუხა და „ვერ შეძლო სისტემური და კომპლექსური ანტიკრიზისული პროგრამის წარმოდგენა. მან წარმოადგინა მმართველობისთვის ყველაზე მარტივი ტიპის მოქმედების გეგმა, რომელიც შინაარსობრივად კრიზისის შედეგების დაძლევის კი არა, არამედ, კრიზისის შედეგებთან ადაპტაციის ღონისძიებებისგან შედგება [8, გვ. 43].
ამ ფონზე აქ-იქ პრესაში უკვე გაჟღერდა სხვადასხვა ქართველ მეცნიერთა აზრი ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის აუცილებლობის და მრეწველობის წინა პოზიციაზე წამოწევის შესახებ. ამას ისეთი მაღალი კომპეტენციის მეცნიერები გვთავაზობენ, როგორებიც არიან ე. მექვაბიშვილი, ნ. ჭითანავა, რ. აბესაძე, მ. კაკულია, მ. ჯიბუტი, გ. ღაღანიძე, ვლ. პაპავა, ვ. ბურდული და სხვები.
მეცნიერ მ. კაკულიას მიაჩნია, რომ „დღის წესრიგში დგება ეკონომიკის რეალური სექტორის (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ენერგეტიკა) სწრაფი განვიტარების ხარჯზე მომსახურების სექტორზე დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიული ამოცანა“ [9, გვ. 47].
მეცნიერი მიხეილ ჯიბუტი ერთ-ერთ ნაშრომში საუბრობს რა საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურულ განვითარებაზე, პრიორიტეტებს ასეთი თანმიმდევრობით ალაგებს: „განათლება და მეცნიერება; საფინანსო-საბანკო, სადაზღვევი და კაპიტალის ბაზრების სექტორი; მრეწველობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ინფორმატიკა; სოფლის მეურმეობა; ენერგეტიკა“. ამ ჩამონათვალში ძირითადი ადგილი რეალური სექტორის დარგებს უკავია, თუმცა, სრულიად სამართლიანად მათ წინ დგას განათლება, მეცნიერება და ფულის ბაზარი [10, გვ. 150]. დიახაც, თუ საქართველოს არ ეყოლება მაღალგანვითარებული, კრეატული აზროვნების კადრი და არ ექნება განვითარებისთვის საჭირო თავისუფალი ფულადი რესურსი, ის ნამდვილად ვერ შეძლებს რეალური სექტორის სათანადო განვითარებას.
მიხეულ ჯიბუტის აზრით, „მთავრობაში უნდა შეიქმნას უმაღლესი ეკონომიკური საბჭო, რომელშიც თავს მოიყრის საქართველოს ყველა ეკონომიკური პროფილის ინსტიტუტის, სასწავლო და სამეცნიერო, ბიზნესის, პროფკავშირების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. საგანგებო ეკონომიკური გეგმაც ამ საბჭოს ეგიდით უნდა შეიქმნას, რომ მას თავიდანვე დიდი კონსესუსის დატვირთვა ჰქონდეს“ [8, გვ. 38].
გიორგი ღაღანიძეს მიაჩნია, რომ „პანდემიის“ შემდგომ საქართველოსთვის ამოცანა იგივე იქნება - უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სამრეწველო პროდუქციის შექმნა და გლობალიზაციის გაღრმავება“ [11, გვ. 22].
მეცნიერების თ. ბერიძე და ე. მექვაბიშვილი საუბრობენ რა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტიულ განვითარებაზე, მათ მიერ აქტუალურად მიჩნეულ ამოცანებს შორის პირველ-მეორე ადგილზე აყენებენ:
იგივე აზრისაა მეცნიერი ნოდარ ჭითანავა. „ამჟამად და მომავალშიც, - წერს იგი, ეროვნული ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის ფუნქცია მრეწველობამ უნდა შეასრულოს. იგულისხმება, რომ იგი მაღალ ტექნოლოგიებსა და მენეჯმენტის თანამედროვე სისტემებს უნდა ეყრდნობოდეს... აუცილებელია მრეწველობის (საერთოდ ეკონომიკის) მდგრადი განვითარების სტრატეგიაზე გადასვლა“ [13, გვ. 103-104].
რ. აბესაძე ასახელებს რა საქართველოს განვითარებადი ქვეყნების რიცხვში, აღნიშნავს, რომ „განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში ეკონომიკური განვითარების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მრეწველობის განვითარება, ინდუსტრიული საზოგადოების აშენება“ [14, გვ. 17].
მეცნიერი ვ. ბურდული ზოგადად ევროკავშირის „სამრეწველო რენესანსის“ დახასიათებით იმ დასკვნას აკეთებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს საერთაშორისო ბაზარზე შეუმცირდათ ექსპორტის წილი და ამ გამოწვევას მათ სამრეწველო პოლიტიკის პროგრამის შემუშავებით და მისი რეალიზაციის ინსტრუმენტების გაძლიერებით უპასუხეს. ამის დასადასტურებლად მას მოჰყავს საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის და სხვების მაგალითები“ [15, გვ. 46-47].
და, ბოლოს, ვლადიმერ პაპავას აზრი: „საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ქვეყნის სამრეწველო-ტექნოლოგიური პოლიტიკის სწორად განსაზღვრა და მისი პრაქტიკული ხორცშესხმა იძენს“ [16, გვ. 294]. პატივცემულმა მეცნიერმა ეს აზრი 2002 წელს გამოთქვა, როცა საქართველოს მაგალითზე იხილავდა პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პირობებში სამრეწველო-ტექნოლოგიურ პოლიტიკას. მას შემდეგ მართალია დიდი დრო გავიდა, მაგრამ არა გვგონია, რომ დღეს მეცნიერი ვლადიმერ პაპავა სხვანაირად ფიქრობდეს.
მაშასადამე, მაღალი რანგის ქართველი მეცნიერების ნაშრომების ამ ამონარიდებიდან ცხადი ხდება, რომ დადგა განვითარების ის ეტაპი, როდესაც მომსახურების დარგების (ვაჭრობა, სათამაშო ბიზნესი, ტურიზმი და სხვა) უპირატესი განვითარების ნაცვლად, წინ უნდა წამოვწიოთ წარმოების (რეალური) სექტორის დარგების განვითარება. ჩვენს მიერ დასახელებული მეცნიერები, როგორც გამოჩნდა, ერთსულოვანი არიან ამ საკითხში. და რადგან ქართველ მეცნიერ-ეკონომისტთა ელიტა ასე ფიქრობს, და, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც გააქტიურებულან მრეწველობის განვითარების მიმართულებით, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენც მიგნებული გვაქვს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ძირითადი მიმართულება. ეს არის ეკონომიკის რეალური სექტორი, მის შიგნით კი - მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.
მაგრამ მრეწველობა დიდია, ფართოა. არის სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და არის გადამუშავების მრეწველობა. ქართველი მეცნიერი მერაბ კაკულია განსაკუთრებული ხაზგასმით მიუთითებს ქიმიური მრეწველობის (მ. შ. ფარმაცევტიკის), მანქანათმშენებლობის (მ. შ. სამედიცინი დანიშნულების), კავშირგაბმულობის საშუალებების და ელექტრონიკის დარგების მაღალტექნოლოგიური კომპანიების უპირატეს განვითარებაზე. ეს ის დარგებია, - წერს იგი, რომელთაც დამატებული ღირებულების შექმნის დიდი პოტენციალი გააჩნიათ [7, გვ. 50].
ჩვენი აზრითაც, ასეთი მიდგომით განვითარება თანედროვე ინოვაციურ სამყაროში სრულიად ბუნებრივია. ქვეყანა, რომელიც მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე არ იქნება ორიენტირებული, დღევანდელ მწვავე გლობალურ კონკურენციაში ვერ გადარჩება. მეცნიერ მერაბ კაკულიას ეს მოსაზრება უდავოდ მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველასგან, მით უფრო, რომ საჭიროების შემთხვევაში, იგი არც სხვა სახის სამრეწველო პროდუქციის (ტექსტილი, ფეხსაცმელი, სათამაშოები და სხვა) წარმოების განვითარების წინააღმდეგია, უბრალოდ ის მრეწველობის ამ დარგების განვითარებას აძლევს უპირატესობას.
ზოგადად, ქართველებს ჩვენი პოზიციების გასამყარებლად ანალოგების ჩვენება გვიყვარს. მეც ქართველი ვარ და არც მე ვარ გამონაკლისი. სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი კუან იუ, როდესაც ყვება სინგაპური „მესამე სამყაროს“ ქვეყნებიდან როგორ გადავიდა „პირველ სამყაროში“, ერთ-ერთ ღონისძიებად მრეწველობის განვითარებასაც ასახლებს. იგი წერს: „...ტურიზმის განვითარებამ რამდენადმე შეამცირა, მაგრამ ვერ მოაგვარა უმუშევრობის პრობლემა. ამ პრობლემის გადასაჭრელად შევეცადეთ, ჩვენი ძალები მთლიანად მრეწველობის შექმნისკენ მიგვემართა. მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურის შიდა ბაზარი ძალიან პატარა იყო - ქვეყნის მოსახლეობა სულ ორ მილიონ კაცს შეადგენდა - ჩვენ პროტექციონისტული ზომები მივიღეთ სინგაპურში წარმოებული ავტომობილების, მაცივრების, რადიომიმღებების, ტელევიზორების დასაცავად იმ იმედით, რომ მომავალში შევძლებდით ყველაფერი ეს სინგაპურში დაგვემზადებინა...“ [3, გვ. 37]. სინგაპური დღეს მაღალგანვითარებული ქვეყნების რიცხვშია, სინგაპური დღეს ხორცშესხმული ოცნებაა.
ამას მიაღწია ყოველგვარ ბუნებრივ რესურს მოკლებულმა, ხმელეთის ვიწრო, ქვიშიან ზოლზე მდებარე აზიის ერთმა პატარა ქვეყანამ, ფაქტიურად ქალაქ-სახელმწიფომ, რომლის ტერიტორია 640 კვ. კმ-ს, ხოლო მოსახლეობა ერთ მილიონ ადამიანზე ცოტა მეტს შეადგენდა, სულადობრივი წლიური შემოსავალი კი 400 აშშ დოლარს აღწევდა. დღეს სინგაპურში სამ მილიონზე მეტი კაცი ცხოვრობს და თითოეულის წლიური შემოსავალი 30 000 აშშ დოლარია.