დაფინანსება

8 პოლიტიკური გაერთიანების

ერთობლივი განცხადება

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერი პოლიტიკური გაერთიანებები, გაგვაჩნია რა განსხვავებული ხედვები და შეფასებები მნიშვნელოვან საკითხებზე, ცალსახად მივიევთ რომ საქართველოში შექმნილ საკონსტიტუციო და პოლიტიკურ კრიზისზე პასუხიმგებლობა სრულად ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მის “ქართულ ოცნებას”, რომლებმაც მოახდინეს ხელისუფლების მითვისება საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების და მშვიდობიანი დემონსტრანტებზე სასტიკი, სისტემური ძალადობის გზით.

გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია აქციებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირების დაუყონებლივი გათავისუფლება, ისევე როგორც პროტესტანტებზე მოძალადეებისათვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

მიგვაჩნია რომ ქვეყანა რეალურად დგას სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. ამას თავად “ქართული ოცნება” აღიარებს როდესაც ხშირად საუბრობს ე.წ. უკრაინულ სცენაზე, თუმცა ავიწყდება რომ უკრაინულის სცენარის ერთ-ერთი მაპროვცირებელი ფაქტორი გახდა სწორედ იანუკოვიჩის უგნური სიხისტე თავისი მოქალაქეებთან მიმართებაში. “ქართული ოცნება” თუნდაც არ იზიარებდეს ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ეჭვებს, რომელიც აქვს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას და ცივილიზებულ მსოფლიოს, ხელახალი არჩევნების ჩატარება მაინც ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა კრიზისის განმუხტვის და მწვავე კონფრონტაციის თავიდან არიდების მიზნით.

შესაბამისად მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” დაუბრუნოს მითვისებული ხელისუფლება ხალხს ერთადერთი მშვიდობიანი გზით - პარლამენტის ხელახალი არჩევნების ჩატარებით თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოში, რაც გულისხმობს: პარიტეტულ საარჩევნო ადმინისტრაციას, შესწორებულ საარჩევნო კანონმდებლობას და არჩევნებამდე პერიოდში ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად ნეიტრალური პირების დანიშვნას.

გამოვთქვამთ მზადყოფნას გავიღოთ მაქსიმალური ძალისხმევა და ვითანამშრომლოთ ნებისმიერ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ფორმატში, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული კრიზისის განმუხტვას და ქვეყნის საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებას.

 

  1. ევროპელი დემოკრატები                                                                პაატა დავითაია

 

  1. თავისუფალი საქართველო                                                                კახა კუკავა

 

  1. თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა                       ირაკლი ჯამბურია

 

  1. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის                ზურაბ ხარატიშვილი

 

  1. ძალოვან ვეტერანთა და

პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა                                         გია ბეძენიძე

 

  1. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი                                 აკაკი ასათიანი

 

  1. ქართული არჩევანი                                                                         ბეჟან გუნავა

 

  1. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა                                    გრიგოლ ჯოჯუა